წითელთავა ნარჩიტა
წითელთავა ნარჩიტა (ლათ. Regulus ignicapillus Temminck, 1820) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ნარჩიტასებრნი (Regulidae)
- გვარი − ნარჩიტა (Regulus)
წითელთავა ნარჩიტა ყვითელთავა ნარჩიტაზე პატარა ფრინველია, ფრთა 48-55 მმ-ია, კუდი – 35-45 მმ, ნისკარტი – 7-8 მმ, წონა – 5-6 გ. სიდიდეში სქესთა შორის განსხვავება არაა. უმნიშვნელო სხვაობაა მათ შორის შეფერილობაში. ზრდასრულ მამალს თავზე ნარინჯისფერ-მოწითალო ფართო ზოლი აქვს ამ ზოლს ორივე მხარეს, თხემის გვერდებზე, საკმაოდ ფართო შავი ზოლები გასდევს, რომლებიც შუბლზე ერთმანეთს უერთდებიან. შავი ზოლების ქვეშ, შუბლის წინა ნაწილში იწყება თეთრი ზოლები, რომლებიც გრძელდებიან თვალებისა და ყურების მფარავების ზემოთ. თავის გვერდებზე, პირის კუთხეებთან თვალების გასწვრივ, აგრეთვე საკმაოდ ფართო შავი ზოლებია. ზურგი, მხრები და კუდზედა ბუმბულები მოყვითალო-მწვანეა, ხოლო კისრის გვერდები მომწვანო-ყვითელი; ფრთები რუხი-რქისფერია, ორი განივი თეთრი ზოლით ფრთის ფარავებზე. მეორე რიგის მომქნევების ძირში კვადრატული ფორმის, ხოლო მტევნის მფარავებზე სამკუთხა შავი ლაქებია. მომქნევებს მოყვითალო-მწვანე ვიწრო არშიები, ხოლო მეორე რიგის შიგნითა მომქნევებს ღია ფერის წვეროები აქვთ. საჭის ბუმბულები მომქნევების ფერისაა. სხეულის ქვემო მხარე მოჟანგმიწისფრო-თეთრია. ზრდასრული დედალი მამლის მსგავსია, მაგრამ თავზე ზოლი ლიმონისფერ-ყვითელი აქვს. ნისკარტი შავია, ხოლო ფეხები – ღია მოწაბლისფრო.
აღწერილია 6 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი წითელთავა ნარჩიტა – R. i. ignicapillus Temm., 1820.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ცენტრალურსა და სამხრეთ ევროპას, ხმელთაშუა ზღვის დასავლეთი ნაწილის კუნძულებს, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას, კუნძულ ტაივანს, კუნძულ მადეირას, მცირე აზიას და წიწვიანი ტყის ზონას ჩრდილოეთ ამერიკაში. ევროპაში ჩრდილოეთით აღწევს დანიამდე და ბალტიის ზღვის ნაპირებამდე, აღმოსავლეთით შედის ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში და დასავლეთ უკრაინაში – კიევამდე. აღნიშნულია მისი ბუდობის შემთხვევა დასავლეთ საქართველოშიც, რაც ფაქტობრივი მასალით არ დასტურდება. სამხრეთ საქართველოში გვხვდება მდინარე მტკვრის ხეობაში ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. იგი შეიძლება შეგვხვდეს აჭარაში, ზოგჯერ, მიმოფრენის პერიოდებში.
ბიოტოპი
ბინადრობს ნაძვნარში, სოჭნარში, ფიჭვნარში, წიწვიან ტყეებში, აგრეთვე შერეული ტიპის ტყეში, ბუჩქნარიანი ქვეტყით, უფრო ხშირად – ღვიიანებში.
გამრავლება
დედალი წიწვიან ხეზე აგებს ბურთისებრი მოყვანილობის ბუდეს, ზოგჯერ ღვიაზეც. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მეორედ ივნისის ბოლოს, დებს 7-11 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 14-15 დღემდე გრძელდება.
კვება
წითელთავა ნარჩიტას ძირითადი საკვებია პატარა ზომის მწერები – ხოჭოები, სიფრიფანაფრთიანები, ორფრთიანები, ბაღლინჯოები, მწერების ლარვები, მათი კვერცხები, აგრეთვე ობობები.
მნიშვნელობა
ჩვენში, მცირერიცხოვნობის გამო, სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.
წყარო
- საქართველოს ფრინველების სარკვევი
- სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი
- საქართველოს წითელი წიგნი