წითელთავა ღაჟო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელი ღაჟო

წითელთავა ღაჟო (ლათ. Lanius senator Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

წითელთავა ღაჟო პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 86-95 მმ-ია, კუდი 80-90 მმ, ნისკარტი 11-13 მმ, წონა − 35-45 გ. შეფერილობაში სქესთა შორის არის მცირე განსხვავება. მამალს შუბლი, თხემის წინა ნაწილი, თვალების ირგვლივ არე, ყურების მფარავები და კისრის გვერდები შავი აქვს. პირის კუთხეები − მოთეთრო. თხემის უკანა ნაწილი, კეფა და კისერი − მკვეთრი მოწითალო-ქარცი. ზურგის წინა ნაწილი შავია, ხოლო უკანა ნაწილი რუხი; წელი და კუდზედა ბუმბულები − თეთრი. ფრთები შავია, მაგრამ ბუმბულებს აქვთ ვიწრო მოთეთრო კიდეები, ხოლო პირველი რიგის მომქნევებს − თეთრი ძირები, რაც ფრთაზე წარმოქმნის პატარა თეთრ „სარკეს“. საჭის ბუმბულების შუა წყვილი შავია, მომდევნო ორ წყვილს წვეროზე პატარა თეთრი ზოლი აქვთ, შემდეგ სამ წყვილზე წვეროში უკვე თეთრი ლაქებია, ხოლო ძირში ყველა თეთრია. სხეულის მუცლის მხარე სუფთა თეთრია, თუმცა გვერდებზე მკრთალი. ჟანგმიწისფერი ელფერი გადაჰკრავს. ნისკარტი და ფეხები შავია. დედალს შუბლსა და თვალების ირგვლივ შავი ფერი ნაკლებ არეს იჭერს და ზოგჯერ ქარციც ურევია. მანტია, ფრთები და კუდი მოწაბლისფროა.

აღწერილია 5 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური წითელთავა ღაჟო — L. s. niloticus Bonaparte, 1853.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: ევროპის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებს − შუა საფრანგეთიდან, ბელგიიდან და ჰოლანდიიდან, პოლონეთამდე და ჩრდილო-დასავლეთ უნგრეთამდე; პირენეისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულებს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებს; აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილს; აზიაში − მცირე აზიას, დასავლეთ ირანს, პალესტინას; სსრ კავშირში ბუდობს ამიერკავკასიაში და ევროპული ნაწილის ზოგიერთ სამხრეთ რაიონში. ზამთარს ატარებს აფრიკაში — ეკვატორის ჩრდილოეთით და სამხრეთ არაბეთში. საქართველოს აღმოსავლეთი რაიონების ველებში მობუდარია. დასავლეთში შეიძლება შეგვხვდეს იშვიათად მიმოფრენის პერიოდებში. საქართველოში გავრცელებულია სპორადულად ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე; მცხეთის მიდამოებში (ჯვრის მონასტერი, შიო მღვიმე), გარეჯის მონასტრის მახლობლად, „თბილისის ზღვის“ სამხრეთ ნაპირებზე, თეთრიწყაროს, ახალციხის, ასპინძის, დედოფლისწყაროს რაიონებში. ყველგან მცირერიცხოვანია.

ბიოტოპი

მეჩხერი ტყე, ბუჩქნარები და ბაღები მეტწილად დაბლობების მშრალ ადგილებში, ქსეროფიტულ მცენარეულობასა და ბუჩქნარებში. ვერტიკალურად 1000 მ-მდე ზღვის დონიდან.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს ბუჩქზე ან დაბალ ხეზე. მაისში დებს 4-5 (7-მდე) კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 16 დღემდე გრძელდება. ბარტყებს კვებავს ორივე მშობელი.

კვება

წითელთავა ღაჟოს ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები, მათ შორის პირველ რიგში კალიები. ჭამს ზოგიერთ პატარა ზომის ხერხემლიან ცხოველსაც − ხვლიკებს, ბაყაყებს და ფრინველებს.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც იშვიათი სახეობა, რომელსაც ჯერჯერობით არ ემუქრება გადაშენება, მაგრამ გვხვდება ისე ცოტა, ან იმდენად მცირე ტერიტორიაზე, რომ შესაძლოა სწრაფად გადაშენდეს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები