წითელნისკარტა მაღრანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წითელნისკარტა მაღრანი

წითელნისკარტა მაღრანი (ლათ. Pyrrhocorax pyrrhocorax Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

წითელნისკარტა მაღრანი საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 290-330 მმ-ია, კუდი – 140-175 მმ, ნისკარტი (ქორდაზე) – 40-45 მმ, წონა – 315-380 გ. მამალი რამდენადმე დიდია დედალზე და ნისკარტიც უფრო გრძელი აქვს. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი მთლიანად შავია, იისფერი ან მოლურჯო-იისფერი ელვარებით თავზე, კისერსა და ტანზე, ხოლო მომწვანო-მოლურჯო ელვარებით – ფრთებსა და კუდზე. ადვილი გამოსაცნობია გრძელი, მოხრილი და მარჯნისფერ-წითელი ნისკარტით. ფეხებიც წითელია, ხოლო ბრჭყალები – შავი.

აღწერილია 7 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება წინააზიური წითელნისკარტა მაღრანი – P. p. docilis Gmelin, 1774.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი სპორადულია: მოიპოვება დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პირენეის ნახევარკუნძულზე, იტალიაში, იუგოსლავიასა და ბალკანეთში, აგრეთვე კუნძულ კრეტაზე; ჩრდილოეთ აფრიკაში, მცირე აზიაში, სირიასა და პალესტინაში, ირანში, კავკასიაში, შუა და აღმოსავლეთ აზიაში, მონგოლეთსა და ჩინეთში. ყველგან მობინადრე ფრინველია. საქართველოში გავრცელებულია როგორც მთავარ, ისე მცირე კავკასიონზე, როგორც მობინადრე. ახდენს სეზონურად მცირე ვერტიკალურ გადანაცვლებას.

ბიოტოპი

ბინადრობს მთებში ტყის ზონის ზემოთ – სუბალპურ მდელოებზე, ზოგან ადის ალპურ ზონაშიც 3000 მ-მდე ზღვის დონიდან. ეტანება მდელოების იმ ნაწილს, სადაც არის კლდეები და წყალი.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდობს უფრო ხშირად პატარა კოლონიებად. ბუდეს იკეთებს კლდეების ნაპრალებში, გამოქვაბულებში, დიდი ლოდების ქვეშ, ზოგჯერ ფლატეების ხვრელებშიც. აპრილის ბოლოს დებს მეტწილად 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 17-18 დღემდე გრძელდება. ბარტყებს კვებავს ორივე სქესის ფრინველი.

კვება

წითელნისკარტა მაღრანის ძირითად საკვებს შეადგენენ სუბალპურ მდელოებზე მცხოვრები ნაირგვარი უხერხემლო ცხოველები, უპირატესად მწერები – ხოჭოები, კალიები, კუტკალიები, მწერების ლარვები, ჭიები, მოლუსკები, ჭამს ზოგჯერ სუბალპური ბალახების თესლებსა და ხემცენარეთა კენკრას.

მნიშვნელობა

კვების ხასიათის მიხედვით, სუბალპური ზონის ბიოცენოზში, უთუოდ სასარგებლო ფრინველია.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები