წითელყელა მურტალა
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ზომიერ სარტყელს, ძირითადად ტყის ზოლს. ევროპასა და აზიაში ჩრდილოეთი საზღვარი გადის ისლანდიიდან და ფარერის კუნძულებიდან – ნორვეგიაზე, შვეციასა და ფინეთზე, შემდეგ ონეგის ტბაზე, ვიჩეგდის აუზზე, სიკტივკარზე, ზემო პეჩორაზე, ენისეიზე 57-ე პარალელამდე, ანადირის აუზსა და კამჩატკაზე. სამხრეთი საზღვარი იწყება ბალტიისპირეთიდან და მიემართება მინსკის, კალინინის, ჩკალოვის, ცელინოგრადის, ბალხაშის ტბის გასწვრივ, ცენტრალური ტიანშანსა და ისიკ-ყულის გავლით, თათრის სრუტემდე. ზამთრობს მცირე რაოდენობით კასპიისა და შავ ზღვებზე, ხოლო მეტწილად – დასავლეთი ევროპის, ჩრდილოეთი აფრიკისა და ამერიკის სანაპიროებზე. საქართველოში მოიპოვება როგორც მოზამთრე ფრინველი.
ბიოტოპი
გამრავლების პერიოდში ბინადრობს დამდგარ, მეტწილად მცირე ზომის წყალსატევებზე, აგრეთვე ტორფიან ჭაობებში ან მდინარეთა ყურეებში, კარგად განვითარებული წყლის მცენარეულობით. მიმოფრენისას და ზამთარში მოიპოვება მდინარეებსა და ზღვების სანაპიროებზე.
გამრავლება
ბუდობს განცალკევებულ წყვილებად ან პატარა კოლონიებად. აპრილის ბოლოსა და მაისის პირველ ნახევარში ბუდეს იკეთებს წყლის ხმელი მცენარეებისაგან, უშუალოდ წყალზე ან მის ნაპირთან. დებს 4-5 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი, მეტხანს კი – დედალი. საინკუბაციო პერიოდი 22-24 დღეს გრძელდება.
კვება
ძირითად საკვებს შეადგენენ წყლის ორგანიზმები: წვრილი თევზები, ამფიბიები, მოლუსკები, მწერები, აგრეთვე ობობები, წყლის მცენარეთა თესლები და მწვანე ნაწილები.
მნიშვნელობა
პრაქტიკულად ინდიფერენტულია.