წინარეხის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წინარეხის ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს, საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხში. ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი მდებარეობს სოფლის ცენტრში, უჭუჭიანთ უბანში. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია, კოშკი, სამრეკლო და გალავანი.

სარჩევი

ღვთისმშობლის ეკლესია

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (8,42X5,5 მ). აღმოსავლეთ ფასადის ასომთავრული წარწერის თანახმად აუგია „ტფილელ მთავარეპისკოპოზს“, ბარნაბა ფავნელისშვილს 1588 წელს. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს – თითო ნახევარწრიული ნიში. ასეთივე სარკმელია სამხრეთ კედელში. შიდა სივრცე მაღალია და ზევითკენ ვიწროვდება. დარბაზი გადახურულია კამარით, რომელიც გრძივ კედლებს ეყრდნობა.

ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. შელესილობის ქვეშ შეიმჩნევა მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიის ჩრდილოეთი კედელი გამაგრებულია ორი კონტრფორსით, რომლებიც გადახურულია კრამიტით.

კოშკი

კოშკი ეკლესიის დასავლეთ კედელზეა მიდგმული და სიმაღლით ეკლესიას უსწორდება. ორივე ნაგებობა გადახურულია საერთო ორფერდა სახურავით, შემოვლებული აქვს აგურის ერთიანი თაროსებრი ლავგარდანი. მოგვიანებით ეკლესიის დასავლეთ კედელი გაჭრეს და ფართო თაღოვანი მალით ეკლესია კოშკს შეუერთეს. ეკლესიის იატაკის დონე გააგრძელეს, რის შედეგადაც კოშკის ქვედა სართული ორ ნაწილად გაიყო. კოშკის ადრე არსებული დასავლეთ კარის ზედა ნაწილი სარკმლად გადაკეთდა. კოშკის ქვედა სართულის შესასვლელები ამოქოლილია. ზედა, ბოლო სართული შეისრული კამარით გადახურული იზოლირებული სათავსია, რომელსაც ჩრდილოთიდან თაღოვანი შესასვლელი აქვს. დასავლეთ კედლის ცენტრში სათოფურია.

სამრეკლო

სამრეკლო დგას ეზოს შესასვლელთან, ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მისი პირველი სართული მასიურია. მასზე აღმართულია სამრეკლოს ოთხბოძიანი აგურის ფანჩატური.

გალავანი

კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი, რომლის მხოლოდ სამხრეთ ნაწილია შემორჩენილი.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები