წმინდა ფრანცისკ ასიზელი (ოპერა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმინდა ფრანცისკ ასიზელი – ფრანგი კომპოზიტორის ოლივიე მესიანის ოპერა სამ მოქმედებად.

მესიანის შემოქმედებას აგვირგვინებს გრანდიოზული ქმნილება – ოპერა „წმინდა ფრანცისკ ასიზელი“, მისი ერთადერთი სცენური თხზულება. ოპერის ლიბრეტო, რომელშიც გამოყენებულია ფრანცისკ ასიზელის ტექსტები, ასევე, შეიცავს ციტატებს ბიბლიიდან, კერძოდ, ფსალმუნებიდან, აპოკალიფსისის წიგნიდან და სხვა კანონიკური ტექსტებიდან, თავად კომპოზიტორს ეკუთვნის. გარდა ამისა, ოპერის თითოეულ სურათს (ოპერაში სულ 8 სურათია) წინ უძღვის ავტორის დეტალური ანოტაციები, რომლებშიც აღწერილია პერსონაჟების კოსტიუმები, დეკორაციები და მოქმედ პირთა მოძრაობები სცენაზე. მესიანის ჩანაფიქრით სპექტაკლში გამოიყენება, ასევე, კინოპროექცია და ლაზერული სხივები.

ოპერა უჩვეულო სტატიკურობით, „უმოქმედობით“ გამოირჩევა. მისი მთავარი პერსონაჟები, ძირითადად, საუბრობენ, ლოცულობენ და ქადაგებენ. ეს თავისებური ოპერა-მისტერიაა, რომლის ჟანრულ წინამორბედად არა მარტო შუა საუკუნეების მისტერიები შეიძლება მივიჩნიოთ, არამედ, ასევე, კ. დებიუსის მისტერია „წმინდა სებასტიანის მარტვილობა“. იგი ასკეტურობით, თავშეკავებულობით და სიმკაცრით გამოირჩევა, მაგრამ ცალკეულ ეპიზოდებში მუსიკალური ქსოვილი საოცრად მდიდარი და მრავალფეროვანი ხდება. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება მეექვსე სურათს „ქადაგება ფრინველებს“ და, განსაკუთრებით მეშვიდეს, „სტიგმატები“, სადაც ორკესტრის და უხილავი გუნდის მეშვეობით წარმოჩენილია ფრანცისკის სტიგმატები, მაცხოვრის იარები, რომლებიც წმინდანის სხეულზე ჩნდება.

ოპერა „წმინდა ფრანცისკ ასიზელი“ მესიანს 1975 წელს დაუკვეთა პარიზის საოპერო თეატრის იმდროინდელმა დირექტორმა რ. ლიბერმანმა. კომპოზიტორმა თავად შეარჩია სიუჟეტი. ხანგრძლივი და ინტენსიური მუშაობის შემდეგ, 1983 წელს შედგა ოპერის პრემიერა, რაც საფრანგეთის მუსიკალური ცხოვრების ერთ-ერთ ცენტრალურ, უმნიშვნელოვანეს მოვლენად აღიარეს.

ოპერაზე მუშაობის შესახებ კომპოზიტორი წერდა: „წმინდა ფვრანცისკ ასიზელზე“ დაახლოებით რვა წლის განმავლობაში ვმუშაობდი. ლიბრეტოს წერა 1975 წლის ზაფხულში დავიწყე, მუსიკა 1975/79 წლებში იქმნებოდა, 1979/83 წლებში გააორკესტრა და შემდეგ გავამზადე პარტიტურის რვა ტომი.

ყოველთვის ვეთაყვანებოდი წმინდა ფრანცისკს – წმინდანს, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ქრისტეს. გარდა ამისა, პიროვნული მიზეზიც არსებობს: იგი ხომ ფრინველებს ესაუბრებოდა, მე კი ორნითოლოგი ვარ და ამ სიუჟეტის შერჩევა ჩემთვის სავსებით ბუნებრივი იყო.

ჩემს ლიბრეტოს არავითარი ლიტერატურული პრეტენზია არ შეიძლება ჰქონდეს. იგი მხოლოდ მუსიკის ლიტერატურული საფუძველია. ვარჩევდი უმეტესად წმინდა ფრანცისკის მიერ მოხდენილ საოცრებათა ამბებს და ფრინველების გალობასთან დაკავშირებულ სიუჟეტებს <.> ფრანცისკთან კონტრასტისთვის დავამატე ძმა ელია, ბრწყინვალე ორგანიზატორი, რომლის იდეები, შესაძლოა, ანტიფრანცისკანულიც კი იყო (ესFIORETTI-ს თვალსაზრისიცაა, ლიბრეტოში გამოვიყენე წმინდა ფრანცისკის შესახებ დაწერილი ნაშრომები. პირველყოვლისა, თომას დესელანოს VITA PROMA და VITA SECUNDA, შემდეგ წმინდა ბონავენტურას ორი წიგნი – LEGENDA MAJOR, LEGENDA MINOR არის მრავალი თანამედროვე ნაშრომიც. ვახსენებ მხოლოდ ერთს, რომელიც გამოვიყენე და რომელიც განსაკუთრებით მიყვარს – LIRE FRANCOIS D’ASSISE (ფრანცისკ ასიზელის ქნარი) – კაპუცინელი მამის ლუი ანტუანის მიერ დაწერილი. შთაგონების მთავარი წყაროები კი იყო FIORETTI (ყვავილნი) და წმინდა ფრანცისკის CANTIOQUE DES CREATURES (ქმნილებათა სიმღერა)“.

შემდეგ კომპოზიტორი აგრძელებს: „ოპერაში ყოველ პერსონაჟს აქვს თავისი თემა და თან ახლავს ამა თუ იმ ფრინველის გალობა. ასობით სხვადასხვა აკორდიდან თითოეული წარმოადგენს ბგერათა კომპლექსს, რომელსაც, იმავე დროს, ფერთა გარკვეული კომპლექსიც შეესაბამება. წარმოსახვაში იქმნება ლურჯის, წითლის, იისფერის, ნარინჯისფერის, მწვანის, მეწამულის და ოქროსფერის უწყვეტი მოძრაობა, რათა ჩემი მუსიკა, პირველყოვლისა, ქმნიდეს მოსმენა-ხილვის შთაბეჭდილებას. და ეს შთაბეჭდილება ფერთა შეგრძნებებს უნდა ემსახურებოდეს.

მე უეჭველად შემახსენებენ, რომ ფრანცისკ ასიზელი ღარიბი იყო; რომ იგი თავის პატარა სენაკს სიცოცხლის ბოლომდე ქალბატონ სიღარიბეს და დას – წმინდა სიმწირეს უყოფდა; რომ სიღარიბე იყო მისი არსების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანი, ხოლო ჭარბად ფერადოვანი გაორკესტრება, ბგერათა კომპლექსების რთული სისტემები, რომლებიც ამავდროულად ფერთა კომპლექსებიცაა – ყოველივე ეს უადგილოდ და ზედმეტად მდიდრულად გამოიყურება.

მართალია, ფრანცისკი ღარიბი იყო და ალბათ, უღარიბესიც, მაგრამ მან შეინარჩუნა ბავშვური აღტაცება ყოველივე მშვენიერისადმი, რაც კი მის გარშემო იყო; იგი მდიდარი იყო მზით, მთვარით და ვარსკვლავებით, ცის და ღრუბლების ფერებით, ხეებით, ბალახით, ყვავილებით და ქარის ხმაურით, ცეცხლის ძალით და წყლის გამჭვირვალე სიწმინდით. ის ამ ყველაფრით იყო მდიდარი, თუმცა აღარაფერი გააჩნდა. მისი ბიოგრაფებიც ამას ამბობენ და ამასვე გვიმოწმებს CANTIQUE DES CREATURES (ქმნილებათა სიმღერა). ტემბრული მრავალფეროვნება, ფერადოვნება, ბგერათა გრძლიობების და ბგერითი კომპლექსების რთული მუსიკა, ჩემი აზრით, მას სულაც არ შეურაცხყოფს; და შეესატყვისება კიდეც მის ჭეშმარიტ შინაგან ბუნებას“

წყარო

XX საუკუნის მუსიკის ისტორია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები