წყლის ქათამი
წყლის ქათამი (ლათ. Gallinula chłoropus Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი ლაინასებრთა ოჯახისა ლაინასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − წყლის ქათამი
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ლაინასნაირნი (Ralliformes)
- ოჯახი − ლაინასებრნი (Rallidae)
- გვარი − წყლის ქათამი (Gallinula)
წყლის ქათამი ლაინასნაირთა შორის საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 150-180 მმ-ია, ნისკარტი – 37-44 მმ, წონა – 200-350 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე, ხოლო შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის თავი და კისერი მორუხო-შავია; მუცელი და სხეულის გვერდები მუქი რუხი, მაგრამ მუცლის შუა ნაწილი უფრო ღია ფერისაა, ხოლო გვერდებზე გასწვრივი თეთრი ზოლებია. ზურგი და ფრთები ზემოდან მოწაბლისფრო-მომწვანოა; პირველი მომქნევის გარეთა მარაო ღია ფერისაა; საჭის ბუმბულები შავი; კუდის ქვემო გრძელი მფარავები თეთრია, ხოლო მოკლე შუა მფარავები შავი. ფეხები მომწვანოა. წითელ ნისკარტს წვერო მომწვანო-ყვითელი აქვს; შუბლის ტიტველი ნაწილი წითელი. ახალგაზრდებს ზურგის მხარე უფრო ღია მურა ფერის აქვთ, ვიდრე ზრდასრულ ფრინველებს, ხოლო მთელი ქვემო მხარე ღია რუხია, ყელი კი – თითქმის თეთრი.
აღწერილია 15 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული წყლის ქათამი – G. ch. chloropus Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის არეალი მეტად ფართოა და მოიცავს უპირატესად ტროპიკულსა და სუბტროპიკულ ზონებს. ევროპაში ბუდობს თითქმის ყველგან, მისი ჩრდილოეთი ნაწილის გამოკლებით; აფრიკაში – საჰარისა და ეთიოპიის გარდა; აზიაში ჩრდილოეთით ვრცელდება ომსკამდე და ალტაიმდე, ჰიმალაის მთებამდე და უსურის მხარის სამხრეთ ნაწილებამდე; ამერიკაში – აშშ-დან, სამხრეთით არგენტინის ჩრდილოეთ ნაწილებამდე, ზონდისა და ფილიპინის კუნძულებზე. არეალის ჩრდილოეთი ნაწილიდან გადამფრენია. იზამთრებს ბრიტანეთის კუნძულებზე, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებში, მცირე, წინა და შუა აზიაში, კასპიის ზღვის სამხრეთ ნაწილში, კაშგარიაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
მტკნარწყლიანი დამდგარი წყალსატევები ან მდორე მდინარეთა სანაპიროები, სადაც უხვადაა განვითარებული ლელქაში, ლერწამი, ისლი, ბუჩქნარი და ტყე – ხშირი ქვეტყით. ეტანება დაბლობებს, მაგრამ შესაფერის ბიოტოპში ადის მთებშიც 1700 მ-მდე ზ. დ. ზოგიერთი ქვესახეობა მხოლოდ მაღალ მთებში ბინადრობს.
გამრავლება
ბუდობს მხოლოდ ცალკეულ წყვილებად. ბუდეს აკეთებს ლელის ან ლერწმის ხმელი ფოთლებისაგან დატბორილ ხეებზე, ბუჩქებზე ან ლელის ღეროებზე, წყლის ზედაპირიდან 30-35 სმ-ის სიმაღლეზე. ერთ ზაფხულში 2-ჯერ მრავლდება. პირველი ბუდობა იწყება აპრილის მეორე ნახევარში, ხოლო მეორე – ივნისში. დებს 6-12 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 19-22 დღემდე გრძელდება.
კვება
ძირითადად ზოოფაგი ფრინველია, მცენარეულ საკვებს იშვიათად იყენებს. ჭამს წყლისა და ხმელეთის ნაირგვარ მწერებს და მათ ლარვებს, ობობებს, მოლუსკებს და სხვ., რომელთაც უპირატესად ცურვის დროს მოიპოვებს.
მნიშვნელობა
მცირე რაოდენობით მოიპოვებენ ნადირობით, მაგრამ დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.