წყლის შაშვისებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წყლის შაშვისებრნი (ლათ. Cinclidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. წყლის შაშვისებრთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგის სახეობებით მცირერიცხოვანი, საშუალო სიდიდის ფრინველთა ჯგუფია. ცხოვრების ნირით მჭიდროდ არიან დაკავშირებული წყლის გარემოსთან, რამაც თავისებური დაღი დაასვა მათი სხეულის როგორც ანატომიურ, ისე გარეგნულ აგებულებას. წყლის შაშვებისათვის დამახასიათებელია ჩასკვნილი სხეული, მოკლე და სწორი კუდი, რომელიც შედგება საჭის 12 რბილი ბუმბულისაგან; ფეხები კარგადაა განვითარებული და ძლიერია; გალო წინიდან დაფარულია ერთი მთლიანი რქოვანი ფირფიტით; ფრთები მოკლე და მომრგვალებულია; ნისკარტი შედარებით მოკლე, სწორი და ძირში ზემოდან ქვემოთ შებრტყელებულია; ნაპრალისებური ნესტოები ნისკარტზედას ჩაღრმავებებშია მოთავსებული და ზემოდან კანის აპკითაა დაფარული. თვალის აგებულება წყალში მცხოვრებ სხვა ხერხემლიანთა თვალის აგებულების მსგავსია: რქოვანა ბრტყელია, ხოლო ბროლი – სფერული. ჩონჩხი ნაკლებად პნევმატურია, ბევრი ძვალი საჰაერო სიღრუეს მოკლებულია და სხეულის ხვედრითი წონა მაღალია.

წყლის შაშვისებრთა ბუმბულსაფარველი ხშირი და მჭიდროა. კუდუსუნის ჯირკვალი კარგადაა განვითარებული და მისი ცხიმოვანი გამონაყოფი უხვად პოხავს ბუმბულსაფარველს. ღინღლი ბევრია არა მარტო პტერილიებზე, არამედ აპტერიებზეც. შეფერილობა სადაა, მეტწილად მურა, ყავისფერი, ზოგჯერ თეთრის ნარევით. სქესობრივი დიმორფიზმი არაა გამოხატული.

წყლის შაშვისებრნი ბინადრობენ ჩვეულებრივად მთის პატარა და გამჭვირვალეწყლიან ნაკადულების სანაპიროებზე. ეწევიან მობინადრე ცხოვრებას, სეზონურად ახდენენ მხოლოდ მცირე ვერტიკალურ გადანაცვლებას. ზამთარში ცხოვრების აუცილებელი პირობაა გაუყინავი წყალსატევების არსებობა. მრავლდებიან მონოგამიურად. აკეთებენ დიდ, სფერული ფორმის დახურულ ბუდეს, გვერდიდან შესასვლელით. ბუდე მოთავსებულია კაჭარის ქვეშ, წყლის სანაპირო კლდეების შვერილებში, ფლატეებზე, ხშირად ჩანჩქერის საფარქვეშ რიყე ქვებს შორის. დებენ 3-7 თეთრი ფერის კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. იკვებებიან წყლის ნაირგვარი უხერხემლოებით – მწერებითა და მათი ლარვებით, ჭიებით, მოლუსკებით, ზოგჯერ პატარა ლიფსიტებითაც. საკვების მოსაპოვებლად შეუძლიათ არა მარტო ჩაყვინთვა, არამედ წყალსატევის ფსკერზე სიარულიც. გავრცელებული არიან ევროპის, აზიის, ჩრდილოეთი ამერიკისა და ჩრდილო-დასავლეთი აფრიკის მთიან ადგილებში. ოჯახში ერთი გვარი და სულ 5 სახეობაა.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები