ჭანისწყალი
ჭანისწყალი (მეგრ. წენწყარი) – მდინარე დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში, გაედინება წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. მდინარე ხობისწყალის მარჯვენა შენაკადია. სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1960 მ სიმაღლეზე და ერთვის მდინარე ხობისწყალს, შესართავიდან 59-ე კილომეტრზე. საკუთრივ ჭანისწყალი საქართველოს ერთ-ერთი დიდი მდინარეა: სიგრძე – 63 კმ, წყლის საერთო ვარდნა – 1938 მ, აუზის ფართობი – 315 კმ2, აუზის საშუალო სიმაღლე – 590 მ, საშუალო სიგანე – 7-8 კმ, ძირითადი შენაკადია მდინარე ინწრა (ინწირა) – სიგრძე 18 კმ. მდინარეს 333 შენაკადი აქვს, 568 კმ საერთო სიგრძით, ქსელის სიხშირეა 1,81 კმ/კმ2.
მდინარე მთელ სიგრძეზე ტრაპეციულ ხეობაშია, რომელსაც გასდევს ტერასები. კალაპოტი დაკლაკნილია და უმეტესწილად არ არის დატოტვილი.
მდინარე შერეული საზრდოობისაა: იკვებება წვიმის, თოვლისა და გრუნტის წყლებით.
ჭანისწყლის მარჯვენა შენაკადები: სქურდილა, ლაფთარა, ხუფინა.
მარცხენა შენაკდები: კინისქური (კინესქური) და ჯაღრაღალი.