ჭდობით შეერთება
ჭდობით შეერთება − ხის ელემენტების შეერთების სახეობა, როდესაც შესაერთებელი დეტალები ამა თუ იმ სახის ჭდობითაა (ჩაჭრითაა) დაკავშირებული. კონსტრუქციული ჭდობის დროს შეერთებაში წარმოიშობა გაცილებიტ ნაკლები სიდიდის ძალა, ვიდრე მისი მზიდუნარიანობაა და ამიტომ არ საჭიროებს გაანგარიშებას.
ხის ელემენტების ჭდობის ყველაზე გავრცელებული სახეებია ჭდობა მეოთხედით, ნარანდით, ნახევარჩაჭრით, ირიბი ჩაჭრით და შუბლური, იშვიათად – ჭდობა უკანა კბილით. მეოთხედით შეერთება გამოიყენება ფიცრის სიგანეში ნაწიბურებით შესაერთებლად. ამისათვის თითოეული ფიცრის ერთ ნაწიბურზე ცალმხრივ ღარს ზევით ამოიღებენ, ხოლო მეორე ნაწიბურზე – ქვევით. ასეთ შეერთებებს ძირითადად იყენებენ გარე კედლების შეფიცვრისათვის, რათა კედლები ქარისა და ატმოსფერული ნალექების შეღწევისაგან დაიცვან. ნარანდით შეუღლება ფიცრების ან ძელების შემჭიდროებაა ნაწიბურებით, როდესაც ფიცრის (ძელის) ერთ ნაწიბურზე სისქის შუაში ამოღებულია ღარი, ხოლო მეორე ნაწიბურზე გამონაშვერი, რომლებიც აწყობის დროს მჭიდროდ შედიან ერთმანეთში და ქმნიან შეერთებას. ასეთ შეერთებებს იყენებენ ფენილების მოსაწყობად, რათა ფიცრებმა (ძელებმა) ღუნვაზე ერთობლივად იმუშაონ და ამავე დროს სახურავის შიგა სივცეში არ ჩამოცვივდეს გამათბუნებლად გამოყენებული წიდის ნაფხვენი ან მინერალური ბამბის ბოჭკოები.