ჭვინტაკასებრნი
ჭვინტაკასებრნი (ლათ. Prunellidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. ჭვინტაკასებრთა ოჯახში გაერთიანებულია პატარა ზომის ბეღურასნაირ ფრინველთა მცირე ჯგუფი, რომლებიც შემდეგი საერთო ნიშნებით ხასიათდებიან: ნისკარტი შედარებით მოკლე, სწორი და წვეროს ნაწილში წვრილია, ხოლო ძირში – გაფართოებული; ნისკარტზედას ქედი რამდენადმე შებრტყელებული და მომრგვალებულია. ნესტოები განლაგებულია ნისკარტზედას ძირში და დაფარულია კანის ნაკეცით. ფრთები შედარებით მოკლეა და მომრგვალებული; პირველი რიგის მომქნევი 10-ია. მათ შორის პირველი რუდიმენტულია და მხოლოდ მტევნის მფარავებამდე აღწევს; ყველაზე გრძელია მე-3, მე-4 და მე-5 მომქნევები. კუდი ჩვეულებრივად ფრთაზე მოკლეა, ბოლოში პირდაპირაა მოკვეთილი ან მცირედ ამოკვეთილია, შედგება საჭის 12 ბუმბულისაგან. გალო შედარებით მოკლეა, წინიდან დაფარულია დიდი განივი ფარებით, ხოლო უკანიდან − გასწვრივი ფირფიტებით. ბუმბულსაფარველი საკმაოდ სქელი, მჭიდრო და რბილია. შეფერილობა არამკვეთრია. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაში არაა ან ზოგიერთ სახეობაში მხოლოდ ოდნავაა გამოხატული.
ჭვინტაკასებრთა უმრავლესობა ბინადრობს მთის ფერდობების ტყეებსა და ბუჩქნარებში. ზოგიერთი სახეობა მოიპოვება სუბალპურ და ალპურ მდელოებსა და კლდოვან ნაკვეთებზეც. ეწევიან შედარებით ფარულ ცხოვრებას.
მრავლდებიან მონოგამიურად. აკეთებენ ღია, ჯამის ფორმის ბუდეს − ბუჩქებზე, ხეების ქვემო ტოტებზე, კლდეთა ნაპრალებში, ზოგჯერ მიწაზეც. დებენ ჩვეულებრივად 4-5 კვერცხს. კრუხად სხდებიან მხოლოდ დედლები. ბარტყებს კვებავენ ორივე სქესის ფრინველები. ზოგიერთი სახეობის ფრინველი წელიწადში 2-ჯერ გამრავლებას ასწრებს.
იკვებებიან მეტწილად მიწაზე მოპოვებული ნაირგვარი მწერებითა და მათი ლარვებით. შემოდგომასა და ზამთარში ჭამენ თესლებსა და ნაყოფებსაც.
ჭვინტაკასებრნი გავრცელებული არიან ევროპისა და აზიის ტყეებში, ტყე-ტუნდრაში, სუბალპურსა და ალპურ ზონებში.
ოჯახში სულ 10-12 სახეობაა. რიგი ავტორებისა ალპურ ჭვინტაკას ცალკე გვარად მიიჩნევს და ოჯახში 2 გვარს გამოყოფს. ზოგი კი ყველა სახეობას მხოლოდ ერთ გვარს აკუთვნებს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოში მხოლოდ ერთი გვარია წარმოდგენილი.