ჭიკვარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჭიკვარა

ჭიკვარა (ლათ. Anas crecca Linnaeus, 1758) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. ყველაზე პატარაა იხვებს შორის, ფრთა 165-195 მმ-ია, ნისკარტი – 30-40 მმ, წონა მერყეობს წლის სეზონების მიხედვით 250-დან 450 გ-მდე. მამალი დიდია დედალზე. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაშიც კარგადაა გამოხატული. მამლის თავი და კისერი მოქარცისფრო-ყავისფერია, ნიკაპი და ყელის ზემო ნაწილი – მოშავო-წაბლისფერი. თავის გვერდებზე თვალებიდან უკან გადის ელვარე მოლურჯო-მწვანე ფართო ზოლები, ისინი კეფაზე ერთმანეთს უერთდებიან, შემოვლებული არიან ვიწრო თეთრი ზოლებით, რომლებიც თვალებიდან პირის კუთხემდე აღწევენ. ბეჭები, მანტია, გვერდები და ზურგის წინა ნაწილი ღია რუხია, ვიწრო ტალღისებური შავი ზოლებით. ზურგის დანარჩენი ნაწილი და კუდზედა ბუმბულები მურაა. მუცლის მხარე მკრთალი ჟანგმიწისფერია, მკერდსა და ჩიჩახვზე შავი კოპლებით. კუდქვეშა შუა ბუმბულები შავია, ხოლო კიდურას წვეროები – ჟანგმიწისფერი. ფრთაზე არის „სარკე“, რომელიც წარმოქმნილია ხავერდოვანი შავი, თეთრი და ელვარე მწვანე ფერის ბუმბულებისაგან. ნისკარტი შავია, ფეხები – მურა. დედალი ზურგის მხარეს მურაა, მოქარცისფრო განივი ზოლებით. ყელი თეთრია. ჩიჩახვსა და გვერდებზე მურა ფერის კოპლებია. კუდის ზემო და ქვემო მფარავები შავი არაა.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ჭიკვარა – A. c. crecca Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევრაზიას, უკიდურესი ტუნდრის ზონის ჩრდილოეთი ნაწილისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების გამოკლებით. არ მოიპოვება სამხრეთ ყაზახეთშიც. სამხრეთით აღწევს ჩრდილოეთ ირანამდე, ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთამდე და მანჯურიამდე. ზამთრობს ზღვების სანაპიროებზე მთელ ევროპაში, სამხრეთი ნორვეგიიდან შავ ზღვამდე, დასავლეთ აფრიკაში, ნილოსის აუზში, მეწამული ზღვის ნაპირებზე, ირანში, ერაყში, ინდოეთში, ინდოჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში. ამერიკაში – შარლოტისა და ონთარიოს კუნძულებიდან მექსიკამდე და ანტილიის კუნძულებამდე. საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მობუდარია, ხოლო დასავლეთში − მოზამთრე.

ბიოტოპი

ბუდობის დროს ბინადრობს შიდა დამდგარ მტკნარწყლიან წყალსატევებზე, უხვი წყალმცენარეებითა და რბილი გრუნტით. ზამთარში არ ერიდება ზღვების სანაპიროებსაც. ყველაზე უფრო დამახასიათებელია ტყის ზონისათვის, თუმცა მოიპოვება თითქმის ყველა ზონაში.

გამრავლება

პოლიგამიური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყალსატევის ნაპირებთან. აპრილში დებს 7-15 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 20-21 დღეს გრძელდება.

კვება

ჭიკვარას საკვები შერეულია. ზაფხულში ჭარბობს ცხოველური საკვები – მწერები, მოლუსკები, კიბოსნაირები და სხვა უხერხემლოები. ზამთარში იკვებება ჩვეულებრივად მცენარეულობით, მეტწილად – თესლებით.

მნიშვნელობა

მაღალხარისხოვანი ხორცისა და რიცხვმრავლობის გამო აქვს სანადირო, ზოგან სარეწაო მნიშვნელობა.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები