ჭილ-ეტრატის იადგარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჭილ-ეტრატის იადგარი – საეკლესიო საგალობელთა უძველესი ქართული კრებულის-იადგარის ერთ-ერთი ნუსხა. იგი შედგენილია ბერძნულიდან თარგმნილი ადრეული საგალობლებით, რომლებიც ძირითადად IV-VII სს. თარიღდებიან. ქართული კრებულის ჩამოყალიბება VII-VIII სს. მიჯნაზე ან VIII ს. პირველ ნახევარში ივარაუდება და ქართულ ღვთისმსახურებაში დამკვიდრებული იყო X ს. დამდეგამდე.

ჭილ-ეტრატის იადგარი პალესტინური წარმომავლობისაა. იგი XIX ს. 50-იან წლებში საბაწმინდის მონასტრიდან წამოიღო პ. უსპენსკიმ როგორც ეთიოპური ხელნაწერი. 1883 ა. ცაგარელმა გაარკვია (და შემდეგ აღწერა კიდეც), რომ ხელნაწერი ქართულია. 80-იან წლებშივე ჭილ-ეტრატის იადგარი შეიძინა პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკამ, სადაც იგი დაცული იყო ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში. 1923 ხელნაწერი გადმოეცა საქართველოს. ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ინსტიტუტის H კოლექციაში (ყოფილი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ხელნაწერთა ფონდი) № 2123-ით.

ა. ცაგარლის შემდეგ კ. კეკელიძემ შეადგინა ჭილ-ეტრატის იადგარის ვრცელი აღწერილობა, რომელშიც წარმოჩენილია ძეგლის სტრუქტურა და შედგენილობა. არსებობს ი. აბულაძისა და ლ. მეფარიშვილის მოკლე აღწერილობებიც. ხელნაწერის დათარიღების შესახებ მეცნიერებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. უფრო დასაბუთებულად მიიჩნევა IX-X სს. მიჯნა, ან X ს. დასაწყისი. ჭილ-ეტრატის იადგარის ერთი ნაწილი დაწერილია ჭილზე (პაპირუსზე), მეორე კი – ეტრატზე (პერგამენტზე). ხელნაწერი პირველად გამოიცა 1977 ა. შანიძის რედაქციით (გამოკვლევა დაურთეს ა. შანიძემ, ა. მარტიროსოვმა და ა. ჯიშიაშვილმა). გამოკვლევაში ფართოდაა შესწავლილი ხელნაწერის კოდიკოლოგიური და პალეოგრაფიული თავისებურებები (გადამწერის ხელი, დაქარაგმება, განკვეთილობის ნიშნები და სხვ). ხელნაწერის გამოცემა ძირითადად საენათმეცნიერო მიზნებს ისახავდა, ამდენად, დეტალურად არის გამოკვლეული ძველი ქართული ენის ამ ადრეული ძეგლის ენობრივი თავისებურებები ორთოგრაფიის, ფონეტიკის, მორფოლოგიისა და სინტაქსის თვალსაზრისით. ჭილ-ეტრატის იადგარი მეორედ 1980 გამოიცა. ეს გამოცემა, გარდა ჭილ-ეტრატის ნუსხისა, რომელიც ნაკლულია და საკმაოდ დაზიანებული, დაემყარა სინური ქართული კოლექციის ახალგამოვლენილ ნუსხებსაც (Sin 18, Sin 40, Sin 41). ამ. გამოცემაზე დართულ გამოკვლევაში ჭილ-ეტრატის იადგარი შესწავლილია როგორც ლიტურგიკული ძეგლი, ქართული და ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის განვითარების უძველესი ეტაპის ამსახველი კრებული.

ლ. ხევსურიანი


ლიტერატურა

  • ხელნაწერთა აღწერილობა (H კოლექციისა), ტ. V, შედგენილი და დასაბეჭდად მომზადებულია ლუბა მეფარიშვილის მიერ, თბ., 1949.
  • ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი ორი ძველი რედაქციის X–XI სს. ხელნაწერების მიხედვით გამოსცა და გამოკვლევა დაურთო ელენე მეტრეველმა, თბ, 1971;
  • აბულაძე ი. ქართული წერის ნიმუშები. პალეოგრაფიული ალბომი. მე-2 გამოცემა, თბ. 1973.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები