ჭინჭრაქასებრნი
ჭინჭრაქასებრნი (ლათ. Troglodytidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. ჭინჭრაქასებრთა ოჯახში გაერთიანებულია პატარა ზომის მწერიჭამია ფრინველები, რომელთაც აქვთ შედარებით მოგრძო და წვრილი ნისკარტი, გრძელი და მაგარი ფეხები, რბილი და ფაშარი ბუმბულსაფარველი. ფრთა მოკლეა და ბლაგვი; პირველი რიგის მომქნევი 10-ია; მათ შორის პირველი საკმაოდ ფართო და მოკლეა, მაგრამ მეორე მომქნევის ნახევრამდე აღწევს. ყველაზე გრძელია მე-3, მე-4 და მე-5 მომქნევები. კუდი მოკლე აქვთ და შედგება საჭის 12 ბუმბულისაგან. შეფერილობა უპირატესად მოყავისფრო-წაბლისფერია, შავის ნარევით, უმთავრესად განივი წინწკლებისა და ზოლების სახით. მუცლის მხარეს უფრო ღია ფერისანი არიან. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი შეუმჩნეველია.
ჭინჭრაქასებრნი ტყისა და ბუჩქნარების ფრინველებია, მაგრამ ეტანებიან უმეტესად ისეთ ადგილებს, სადაც მეტია ქვეტყე, წაქცეული ლპობადი ხეები და ნაკადულები. ამასთან, არ ადიან ხეების კრონაში, არამედ ცხოვრობენ ქვემო იარუსში, მიწასთან ახლოს. სახეობების უმეტესობა მობინადრეა, ხოლო ჩრდილოეთის ზოგიერთი ფორმა – გადამფრენი. მთებში ადიან ტყის ზედა საზღვრამდე, მაგრამ ზამთარში ეშვებიან ქვემო ზონაში.
სახეობების უმრავლესობა წელიწადში ერთხელ მრავლდება, ზოგიერთი – ორჯერაც. აკეთებენ სფეროსმაგვარი ფორმის ბუდეს ხეების ფუღუროში, ქვებს შორის, წაქცეული ხის ქვეშ, ზოგჯერ ბუჩქების ტოტებს შორისაც. დებენ ჩვეულებრივად 5-6 კვერცხს. ზოგიერთი სახეობისათვის აღნიშნულია 14-16 კვერცხიც. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა ორ კვირამდე აღწევს.
ჭინჭრაქასებრთა საკვებს შეადგენენ პატარა ზომის მწერები და მათი ლარვები. ჭამენ კენკრას და წვრილ თესლებსაც. ამ ოჯახის წარმომადგენელთა უმრავლესობა გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში. უფრო მცირე რაოდენობით არიან ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და [[აფრიკაში.
ოჯახი აერთიანებს 20-მდე გვარის 63 სახეობას. საქართველოში მოიპოვება ერთი გვარი.