ჭინჭრაქა (ღობემძვრალა)
ჭინჭრაქა (ღობემძვრალა) (ლათ. Troglodytes troglodytes Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ჭინჭრაქა (ღობემძვრალა).
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ჭინჭრაქასებრნი (Troglodytidae)
- გვარი − ჭინჭრაქა (Troglodytes)
ჭინჭრაქა ჩვენი ორნითოფაუნის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ფრინველია, ფრთა 45-50 მმ-ია, ნისკარტი – 11-14 მმ, კუდი – 30-37 მმ, წონა – 9-11 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველის თავი და ზურგის მხარე მოწაბლისფრო- ქარცია, თავზე უფრო მუქი, ხოლო ფრთებსა და კუდზე უფრო ღია მოშავო-მურა განივი ზოლებით. მომქნევები მურა ფერისაა, პირველი რიგის მომქნევების გარეთა მარაოებზე მოთეთრო-ჟანგმიწისფერი, ხოლო მეორე რიგის მომქნევებზე მოქარცისფრო ზოლებით. ფრთების მფარავებზე მუქი მურა და ქარცი განივი ზოლებია, საშუალო მფარავებს კი წვეროებზე თეთრი ლაქები აქვთ. საჭის ბუმბულებზეც მუქი მურა და ქარცი განივი ზოლებია. ყელი და ჩიჩახვი მოთეთრო-რუხია, მკერდი და მუცელი – მორუხო-მურა. წარბები მოთეთროა, ლოყები და ყურების მფარავები მუქი მურა. ნისკარტი და ფეხები მურა ფერისაა. ც
ნობილია 40 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ჭინჭრაქა – T. t. troglodytes Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის არეალი მეტად ფართოა და დანაწევრებულია. იგი მოიცავს თითქმის მთელ დასავლეთ ევროპას, ამიერკავკასიას, მცირე, შუა და ცენტრალურ აზიას, სამხრეთ ციმბირს – აღმოსავლეთით ზღვისპირეთამდე, კურილისა და კომანდორის კუნძულებს, იაპონიას, კორეას, ჩინეთს, ჰიმალაის მთებსა და ირანს; ჩრდილო-დასავლეთ აფრიკას და ჩრდილოეთი ამერიკის ტყეების ზონას. საქართველოში მოიპოვება ყველგან როგორც მობინადრე ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს ნაირგვარი ტიპის ტყეში, უპირატესად კი ისეთში, სადაც არის ბუჩქნარების ხშირი ქვეტყე, წაქცეული ლპობადი ხეები, მაღალი ბალახნარები და ნაკადულები. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.
გამრავლება
პოლიგამიური ფრინველია. ბუდეს მამალი აკეთებს ბუჩქებში, წაქცეული ხეების ფესვებს შორის, ხეების ან კლდეების ნაპრალებში და ა. შ. ბუდე სფეროს ფორმისაა, აგებულია ხმელი ბალახის, ფოთლების, ყლორტების, ხავსის, გვიმრისა და სხვა მცენარეული მასალისაგან. აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში დებს 5-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი, საინკუბაციო პერიოდი 14-15 დღეს გრძელდება.
კვება
ჭინჭრაქას საკვებს შეადგენენ პატარა ზომის მწერები, ობობები, შემოდგომით და ზამთარში – აგრეთვე ნაირგვარი კენკრა.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია, მაგრამ მცირერიცხოვნობის გამო დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.