ხან-ფაშა
ხან-ფაშა (სომხ. խան-փաշա) – სომხური ყველიერის კარნავალური წარმოდგენა; მისი მთავარი პერსონაჟებია მბრძანებელები: ხანი (ყაენი), მოსამართლე, სოფლის მამასახლისი, აგრეთვე მათი მოსამსახურეები. ის, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ყველაზე მაღლა დგას და მდიდრული და პრესტიჟული ტანსაცმელი აცვია, წარმოდგენის დროს სპეციალურად გამურული ან ნეხვში ამოსვრილი ძონძებით იმოსება, თავზე გვირგვინის ან დახვეული დოლბანდის ნაცვლად გოგრა, ძველი ქვაბი ან ტაფა ახურავს; სამეფო თასის ნაცვლად — ძაღლის ჯამს, სამელნის ნაცვლად ღამის ქოთანს აწვდიან; ცხენის ნაცვლად ვირზე ზის, ისიც უკუღმა. მბრძანებელი უსამართლო სასამართლოს აწყობს, ითხოვს გადასახადს, იმუქრება სოფლის გადაწვით, ქალების ტყვედ წაყვანით, ეკლესიის გაძარცვით. ყველა ეს მუქარა ფარსულ ქმედებაში გადადის. წარმოდგენის კულმინაცია „ხალხის აჯანყებაა“.
უმაღლესი ხელისუფლების კარნავალურ წარმომადგენლებს დასცინიან, აბუჩად იგდებენ, სიტყვიდან საქმეზე – ცემაზე – გადადიან: ძალაუფლების ინსიგნიებს, ხელოვნურ წვერს, ნიღბებს ან წვავენ ან წყალში აგდებენ. ბოლოს, აწყობენ საერთო სუფრას, რომელსაც საკარნავალო სამოსისგან განთავისუფლებული ყოფილი „ხან-ფაშაც“ უერთდება. სომხურ ტრადიციაში არ არის ყველიერის ფიტულები – ზამთრის სიმბოლოები, რომლებსაც სხვა ქვეყნებში დღესასწაულის დასასრულს ცეცხლში წვავენ. როგორც ითქვა, აქაც ანადგურებენ, ხშირად წვავენ უკეთურ ძალთა სიმბოლოებს. ნიშანდობლივია, რომ თუ სხვა ტრადიციებში ყველიერის დღეს ბუნების ბოროტ ძალთა განმასახიერებელ სიმბოლოებს წვავენ, სომხურ ტრადიციაში მათ უცხოელი მოძალადეები ცვლის. დამპყრობთა შესახებ მწარე მოგონებები იმდენად დიდია ხალხში, რომ მათ ბუნების დესტრუქციული ძალები წარმატებით შეცვალეს. ამაზე ნათლად მეტყველებს თამაშისა (ხან-ფაშა) და ამ და სხვა მისი მსგავსი კარნავალური წარმოდგენების მთავარი პერსონაჟების სახელები (არაბი, თურქი, თათარი, ქურთი). არ არის რთული, თუ რა ადგილს იჭერს ამ წარმოდგენაში სიცილი. მაგრამ მის კულმინაციურ ნაწილში სიცილისათვის არავის ცხელა. ემოციები იმდენად ძლიერია, რომ მაყურებელი გინებიდან და სიცილიდან გადადის დესტრუქციულ მოქმედებაზე, რომელიც თვით სომეხთა ისტორიის კარნავალურ მოდელს სპობს. შეიძლება დავასკვნათ, რომ კარნავალური ინვერსიის გზით მიღებული ქაოსის ეს ტიპი, თავის თავში პარადოქსულად შეიცავს უკუღმა ნიშნით წარმოდგენილი კოსმოსის სტრუქტურასაც.
ლიტერატურა
- Абрамян Л. А., Шагоян Г. А. Динамика праздника: структура, гиперструктура, антиструктура // ЭО, 2002, № 2;
- Осипов Г. Селение Даш-Алты, Шушунского уезда, Елисаветпольской губернии // СМОМПК. Вып. 25. 1898;
- Петросян Э. Х. Театральный фольклор // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.