ხბოშუბლა
ხბოშუბლა - Galega orientalis. ხბოშუბლას ქართლში ეძახიან ჩოკს; კახეთში, მესხეთში, ფშავში - გორშუბლას; თუშეთში — ხბოთშუბლას, ხორშუბლას.
ხბოშუბლა მიეკუთვნება პარკოსანთა ოჯახს. ხბოშუბლას ღერო დაკლაკნილია, 50 სმ-მდე სიმაღლის, დატოტვილი, შიშველი ან მოკლე ბეწვებით მოფენილი. თანაფოთლები მომრგვალო, კვერცხისებრი, ბლაგვი; ფოთოლი კენტფრთისებრი 9—13 (დიდი ზომის ჯდომარე მოგრძო კვერცხისებრი ფოთოლაკისაგან შემდგარი). ყვავილები მრგვალი, შეკრებილი მოგრძო ფარჩხად ჯირკვლოვან-ბუსუსიან იღლურ ტევნებად. თანაყვავილები ხაზურა, ყვავილის ყუნწის ტოლი, თეთრი ბეწვით მოფენილი; ჯამის კბილები მილზე მოკლე. გვირგვინი კაშკაშა მოცისფრო-იისფერი, ნაყოფი დაკიდებულია, ჯირკვლოვან-ბუსუსიანი 2— | სმ სიგრძის. თესლი მოგრძო თირკმლისებრი, ღია ყავისფერი, გლუვზეხაპირიანი. იზრდება ტყეებში, ტყის ნაპირებზე, ბუჩქებში. გავრცელებულია: რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, ქართლში.
გამოყენებულია საქონლის საკვებად. თაფლოვანი მცენარეა. ფესვთა სისტემაზე არსებული კოჟრის ბაქტერიები კარგი აზოტოფიქსატორებია. მცენარეებს აგროვებენ ვეგეტაციის პერიოდში, მცენარეთა დაცვისათვის გამოიყენება ნაყენი, რომლის დასამზადებლად 90—100 დაქუცმაცებულ ნედლეულს (24 საათის განმავლობაში) ათავსებენ 1 ლიტრ წყალში, შემდეგ გაწურავენ, ფილტრავენ და ინახავენ თავდახურულ ჭურჭელში. გამოიყენება აბლაბუდიანი ტკიპას წინააღმდეგ.