ხელფასის თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხელფასის თეორია - (wage theory) - შრომის ნეოკლასიკური თეორია, რომელიც დღესაც რჩება ხელფასის ანალიზის დომინირებულ მეცნიერულ პარადიგმად. ამასთან, ნეოკლასიკური თეორიის ეს უპირატესობა არ იყო მუდმივი და მას წინ უძღვოდა შრომის კლასიკური თეორიის დომინირება. კლასიკური სკოლის წარმომადგენლებს მტკიცედ სწამდათ, რომ ხელფასს ახასიათებს ტენდენცია, მისი ბუნებრივი დონის ან საარსებო მინიმუმის დონის ირგვლივ მერყეობისა. მათ მთავარ ინტერესს წარმოადგენდა ხელფასის საერთო დონისა და მოსახლეობის ზრდის კვალობაზე ეროვნულ პროდუქტში შრომის წილის ცვლილების ახსნა.

თანდათანობით ხელფასის თეორიისადმი მიდგომა შეიცვალა. XIX საუკუნის მეორე ნახევარში კლასიკური თეორიის წარმომადგენელთა პოზიციების მიმართ დამოკიდებულებამ ცვლილება განიცადა ორი მიმართულებით: პირველი, მარქსისტული თეორიის განვითარებამ რადიკალურად შეცვალა დამოკიდებულება კლასიკური ანალიზის მიმართ. ამასთან, მარქსისტული თეორიიდან გამომდინარე, რომ კაპიტალიზმის დროს ხელფასის განაკვეთს აქვს ტენდენცია საარსებო მინიმუმთან მიახლოებისა, პრაქტიკულად ემთხვევა კლასიკური თეორიის წარმომადგენელთა დასკვნებს; მეორე, დადგა მარჟინალისტური რევოლუციის პერიოდი. მაშინ როდესაც კლასიკური სკოლა წარმოების დანახარჯებს განიხილავდა ფასის განმსაზღვრელ ფაქტორად, მარჟინალისტებმა ფასის განმსაზღვრელ ფაქტორად პირველებმა აღიარეს ზღვრული სარგებლიანობა.

მათი აზრით, შრომის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს სამუშაო ძალაზე მეორეული წარმოებული მოთხოვნით, რომელიც, თავის მხრივ, შრომის ზღვრულ პროდუქტზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, მუშაკის შრომის ანაზღაურება უნდა განხორციელდეს არა ხელფასის ფონდიდან, არამედ იმ საქონლის რეალიზაციით მიღებული ამონაგებიდან, რომლის შექმნაშიც ეს მუშაკი მონაწილეობს. თუ კლასიკური თეორია თავისი ყურადღების კონცენტრაციას ახდენდა ხელფასის საერთო დონეზე, ნეოკლასიკურმა თეორიამ წინაპლანზე წამოსწია მიკროეკონომიკური ფაქტორები. ნეოკლასიკოსთა შემდგომ გამოკვლევებში, განსაკუთრებით ა. მარშალის ნაშრომებში, ნაჩვენებია, რომ ხელფასი არის მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთქმედების შედეგი.

ხელფასის ნეოკლასიკური თეორია, მნიშვნელოვანი მოდიფიკაციით, დღესაც რჩება მთავარ ორიენტირად ხელფასის განმსაზღვრელი ფაქტორების ანალიზისას, თუმცა, იგი, გარკვეული თვალსაზრისით, ეჭვქვეშ დააყენა „კეინზიანურმა რევოლუციამ“. კეინზი ხაზს უსვამდა ხელფასის არაელასტიკურობას შრომის ჭარბი მიწოდების შემთხვევაში, თუმცა, ამის მიზეზი ნაკლებად იყო დასაბუთებული. ამიტომ ხელფასის კეინზიანურმა თეორიამ ვერ დაჩრდილა ნეოკლასიკური თეორია, მაგრამ ხელი შეუწყო ხელფასის ინსტიტუციური თეორიის განვითარებას. ეს უკანასკნელი აქცენტს აკეთებს სოციოლოგიურ, პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ფაქტორებზე და სრულად გამორიცხავს ეკონომიკურ ფაქტორებს.

ინსტიტუციურმა ეკონომიკურმა თეორიამ რომელიც ფართოდ გავრცელდა 1890-1930 წლებში, ხელფასის დონის განმსაზღვრელი ფაქტორების ანალიზის სფეროში თავისი სიტყვა თქვა 1940-1950-იან წლებში. ამ თეორიის მომხრეები სკეპტიკურად უყურებდნენ ხელფასის ნეოკლასიკურ თეორიას, თუმცა, მათ ვერ შექმნეს ხელფასის ერთიანი თეორია. ამასთან, იმდენად დიდი იყო ინსტიტუციონალისტთა გავლენა, რომ შრომის ეკონომიკა ამ პერიოდში დიდხანს იყო მოწყვეტილი ეკონომიკური მეცნიერების განვითარების ძირითადი მიმართულებისაგან. XX საუკუნის 70-იან წლების მეორე ნახევრიდან ნეოკლასიკური თეორიის აღორძინების კვალობაზე მწვანე შუქი მიეცა ხელფასის თეორიის ნეოკლასიკურ მოდელს.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები