ხერტალი
ხერტალი − თითისტარი, დაახლოებით ოცდაათი სანტიმეტრი სიგრძის ორივე მხრიდან წაწვეტებული ხის ჯოხი, ძაფის დასართავი და დასაძახავი.
მისი ზედა ნაწილი უფრო წვრილი და მაღალი, ხოლო ძირი შედარებით სქელი და გლუვწვეტიანი იყო. მას ქვემოდან მჭიდროდ წამოცმული კვირისთავი ჰქონდა, რომელიც სპეციალურ სახვეწ დაზგაზე მსხლის ხიდან მზადდებოდა. ხერტალს მატყლის დასართავად, მატყლის ძაფის მისაღებად იყენებდნენ. მრთველ ქალს მატყლის ნართი − მატყლის ფთილა მარცხენა ხელში, ხერტალი მარჯვენაში, თითებშუა ეჭირა და ხერტალს მათი მეშვეობით ოსტატურად ატრიალებდა, პარალელურად მბრუნავ ხერტალს მატყლს აწვდიდა, რომელიც ხერტლის ბრუნვით იგრიხებოდა და ძაფი წარმოიქმნებოდა. დართულ ძაფს ხერტალს კვირისთავიდან ზემოთკენ ირგვლივ ახვევდნენ. ნართი ხერტალზე მანამ ეხვეოდა, სანამ ტარი ბრუნვას არ შეწყვეტდა. ეს პროცესი რამდენჯერმე მეორდებოდა.
თითისტარის საშუალებით ნართის დამზადების ანალოგიური წესი საქართველოს ყველა კუთხეში, ქართლ-კახეთში, სამცხე-ავახეთში, ხევსურეთშიც არსებობდა. ამ წესისაგან განსხვავებით სამცხე-ჯავახეთში ქალს რთვის დროს ხელში ერთი ფთილა კი არ ეჭირა, არამედ ხელზე ჰქონდა გადახვეული. ამას გარდა, რთვის დროს თითისტარს კალთაში ჩადებულ ჯამში ატრიალებდნენ, რაც ხელს უწყობდა ტარის ბრუნვას. საქართველოში თითისტარის გამოყენება ჯერ კიდევ ნეოლითური ხანიდან დასტურდება.
ლიტერატურა
ნოღაიდელი, 2017; აჭარული დიალექტის... კახიძე, 1974:67; სამსონია, 2005; ყარაულაშვილი, 1972.