ხეჩხვამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხაჩხვამა || ხეჩხვამა (აფხ. Хьачхәама) – მჭედლობის მფარველი ღვთაების – შაშვის სახელზე ახალი წლის წინა საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ გამართული ლოცვა, რომელშიც აბიფარაში (პატრონიმია) შემავალი ყველა ოჯახი მონაწილეობდა. თავისი გავრცელების მასშტაბითა (დღესასწაულობდნენ და უქმობდნენ მთელ აფხაზეთში) და მნიშვნელობით ხაჩხვამას აფხაზთათვის ცნობილი ვერცერთი დღესასწაული ვერ შეედრებოდა, რაც, როგორც ჩანს, განპირობებული იყო იმით, რომ შაშვი უზენაესი ღმერთის შემდეგ ყველაზე ძლიერ ღვთაებად ითვლებოდა. ღვთაების შესაწირად იკვლებოდა დაკოდილი თხა (იშვიათად ცხვარი; აბჟუის აფხაზეთში ზოგიერთები ღორს ან გოჭს სწირავდნენ), ოჯახის თითოეულ წევრზე მამალი (ზოგი ცნობით ქალებისთვის დედალი). გარდა ამისა ხორბლის ფქვილისაგან აცხობდნენ დიდი ზომის (დაახლ. 1 არშინის დიამეტრის) მრგვალი ფორმის „აჩაშვს“ (შაშვის პურს) და შედარებით მცირე ზომის ნახევრმთვარისებურ პურს ოჯახის უფროსისათვის; ღომის ფქვილისაგან მზადდებოდა პატარა რიტუალური პურები ე.წ. „აკვაკვარები“ (კვერები). მჭედლის ან შაშვის კულტმსახურის (ანიხაფავის) სახლში შეკრებილები ოჯახის უფროსის ხელმძღვანელობით სამჭედლოში მივიდოდნენ, გრდემლთან მუხლს მოიყრიდნენ; მჭედელი აანთებდა შვიდ სანთელს ან იმდენს, რამდენი მონაწილეც იყო და დაიწყებდა ლოცვას: „დიდო ღმერთო, შაშვო, რომელსაც გექვემდებარება (გემორჩილება) შვიდი ხატი და რომელსაც ენთება შვიდი სანთელი, გესმის? ჩვენი წინაპრების მსგავსად შესაწირთან ერთად მორჩილად ვდგევართ შენს წინაშე და შეგთხოვთ მიიღო ჩვენგან ეს მსხვერპლი და იყო ჩვენი მფარველი ოჯახში, სახლს გარეთ, გზაში, ტყეში, წყალსა და ხეზე... ნუ მოგვაკლებ წყალობას!“ შემდეგ გრდემლზე კვერს დაკრავდა და დააყოლებდა: „გესმის?“ (ლოცვის ტექსტი მოყვანილია ნ. ჯანაშიას მიხედვით), ამასთან მოხარშული თხის გულ-ღვიძლს ღვინოს მოასხამდა, მამლით, „აკვაკვარითა“ და ღვინიანი თასით ხელში ყველა მონაწილე ილოცებდა; ლოცვის დამთავრებისთანავე გრდემლზე კვერს დაკრავდნენ და შესძახებდნენ „გესმის?“ შესაწირს ღვინოს დაასხამდნენ, წაილუკმებდნენ და ღვინოს დააყოლებდნენ; სავახშმოდ ყველა მჭედლის ოჯახში წავიდოდა.

მჭედლობის მფარველის, სოლომოს (წმ. სოლომონი), სახელზე ლოცვას 31 დეკემბერს მჭედლები სამეგრელოშიც ასრულებდნენ; ეს დღე და თვით ლოცვა ცნობილი იყო „ხეხუნჯობის“ (ხელ-მხარობის) სახელწოდებით. როგორც ჩანს, ტერმინი ხაჩხვამა||ხეჩხვამა მეგრულიდან მომდინარეობს და „ხეშხვამას“ (ხელის ლოცვა) ან „ხეხუჯხვამას“ (ხელ-მხარის ლოცვა) აფხაზურ ფორმას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ საამდღისო შესაწირი თხა და მამალია და ტერმინი „ხეჩხვამას“ პარალელურად აფხაზურში დამოწმებულია სიტყვა „ხე-ხუჯი“, ზოგი მეცნიერი მას მეგრულ „ღეჯხვამასთან“ (ღორის ლოცვა ან ღორით ლოცვა) აკავშირებს. ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ტერმინი „ხეჩხვამა“ მეგრული წარმომავლობისაა. მეორე მხრივ, ხეჩხვამას ჩვეულება გარკვეულ სიახლოვეს ავლენს შუშხუამის სახელით ცნობლ სვანურ დღეობასთან. ორივე შემთხვევაში რიტუალი ახალი წლის წინა ღამეს სრულდება. შუშხუამის დროს აცხობენ „ღამის კვერებს“ (შუშხუამ ლეთი ლემზირ), ე.წ. „ლაწდაშ ლემზირს“ და „კირკადუს“ ანუ „კირკალს“, რომლებიც დამკვიდრებული აზრის თანახმად, ღამის მნათობს, სავსე მთვარეს, გამოსახავდნენ. ამავე წარმოდგენებს უნდა უკავშირდებოდეს ხეჩხვამას რიტუალური პურებიც — სავსე მთვარის ფორმის ყველიანი „აჩაშვი“ და მჭედლისთვის ან შაშვის კულტმსახურისთვის გამომცხვარი ნახევარმთვარის ფორმის ყველიანი პური. თუ შუშხუამისა და ხეჩხვამას რიტუალური პურების დანიშნულება იდენტურია, ასევე იდენტური ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს ორივე დღეობისათვის აუცილებელი ატრიბუტები — მცირე ზომის აფხაზური „აკვაკვარი“ (კვერი) და შუშხუამში ცისკრის ვარსკვლავის (მთიების) გამომსახველი კვერი – „კუანჭილი“ ანუ „ანჭი-კუანჭი“, რომელთანაც დაკავშირებული რიტუალი სისხამ დილით, მზის ამოსვლამდე უნდა შესრულებულიყო. თუ ეს დაკვირვება სწორია, მაშინ ღვთაება შაშვის კავშირი ასტრალურ კულტთან ეჭვს არ უნდა იწვევდეს.


ლიტერატურა

  • С.Т. Званба. Этнографические этюды. Сух., 1955;
  • Г.Ф. Чурсин. Материалы по этнографии Абхазии. Сух., 1957;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • И.А. Аджикджал. Из этнографии Абхазии. Сух., 1969;
  • Р. Ш. Зельницкая (Шларба). Трансформация проведения моления кузнеца, или старого нового года, у абхазов // Лавровский сборник. Материалы XXXVIII XXXIX Среднеазиатско-Кавказских чтении 2014-2015 гг. Этнология, история, археология, культурология. СПб., 2015;
  • И. Кобалия. Из мифической Колхиды. – „Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа“, вып. 32, Тф., 1903;
  • ვ. ბარდაველიძე. სვანურ ხალხურ დღეობათა კალენდარი. I. ახალწლის ციკლი. ტფ., 1939;
  • მისივე. ქართული (სვანური) საწესო გრაფიკლი ხელოვნების ნიმუშები. თბ., 1953;
  • ნ. აბაკელია. სიმბოლო და რიტუალი ქართულ კულტურაში. თბ., 1997;
  • ნ. ანთელავა. აფხაზური მითები, რიტუალები, სიმბოლოები. თბ., 2006.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები