ხიზაბავრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხიზაბავრა – სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოს დასავლეთ ნაწილში, მდინარე ჭობარეთისწყლის (ფარავნის მარჯვენა შენაკადი) ორივე ნაპირას, ზღვის დონიდან 1480-1570 მ სიმაღლეზე, ქ. ასპინძიდან 19 კმ მანძილზე, თემის ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 850. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (99 %) ქართველია (2002). სოფელში არის ბაზალტისა და ანდეზიტის საბადოები. მიდამოები უტყეოა.

ძველად აქ ქართული სტამბაც ფუნქციონირებდა. სოფელში მრავალი ღირსშესანიშნაობაა: 6 ეკლესია, რომელთაგან 4 რესტავრირებული და მოქმედია. შემორჩენილია ხიზაბავრის დარბაზული ეკლესია, ღართის ეკლესია დარბაზული ტიპის ერდოიანი საცხოვრებელი სახლები და სხვ. სოფელს ჰქონია თავისი ციხეც, რომელიც XX საუკუნემდე არსებობდა. კათოლიკობის გავრცელების შემდეგ, სოფელში აიგო კათოლიკური სალოცავები. ზ. ჭიჭინაძის აზრით, ეს XVI საუკუნის მიწურულს უნდა მომხდარიყო, როცა აქ ამ რელიგიის სალოცავი „ჯვართ ამაღლება“ აიგო. მოგვიანებით ააგეს აგრეთვე „მღვთისმშობლის“ ეკლესია (1828 წ.) და „იესოს გულის“ ეკლესია (1900), სადაც სამრევლოს ქვაზე ქართულად და ლათინურად წარწერაა: „აღაშენა ეს რომის კათოლიკეთა ტაძარი „იესოს გულისა“, მოღვაწეობითა მღვდლის მიხეილ ვარძელაშვილისა და შემწეობითა ხიზაბავრელ, რუსეთელ და კავკასიელ კათოლიკეთა. წელსა უფლისას 1898-სა“.


წარსულში სოფელში განვითარებული იყო ტერასული სოფლის მეურნეობა. ხეხილთან ერთად აქ ვაზიც მოჰყავდათ. ამაზე ხალხური ლექსიც მეტყველებს. სოფლის მიდამოებში ხელოვნური ტერასებია. გადმოცემის მიხედვით, სოფლების – ხიზისა და ბავრისაგან გადასახლებულებმა დააარსეს და სახელიც აქედან მიუღია. ხიზაბავრაში 884 წელს აშოტ კურაპალატს დაუმარცხებია არაბი სარდალი ხალილა. ეს ცნობა შემონახულია სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის მიერ, რომელიც ხიზაბავრას ხოზაბირშის სახელით იხსენიებს. 1770 წელს, ხიზაბავრის ეკლესიაში, გადაიხადა მეფე ერეკლე II-მ ასპინძის ბრძოლაში გამარჯვების პარაკლისი, ხოლო ადგილობრივებმა, თურმე, გამარჯვებულ მეფეს დიდი ნადიმი გაუმართეს.

წყრო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები