ხინჩეგაშვილი ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ ხინჩეგაშვილისა
და იაპონელი რეი ჰიგუჩის ფინალური შეხვედრა.
რიო დე ჟანეირო, 2016 წელი

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი — დაიბადა 1991 წლის 18 აპრილს, გორში. ქართველი სპორტსმენი, თავისუფალი სტილის მოჭიდავე (55 კგ; 57 კგ). 2012 წლის ლონდონის XXX ოლიმპიური თამაშები (55 კგ ) ვერცხლის მედალოსანი, 2016 წლის რიო დე ჟანეიროს XXXI ოლიმპიური თამაშების (57 კგ) ჩემპიონი. ევროპის სამგზის ჩემპიონი (2014, 16, 17), ვერცხლისა (2011) და ბრინჯაოს მედლების (2013,18) მფლობელი, ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი (2019), მსოფლიოს ჩემპიონი (2015), მეორე (2014) და მესამე (2017) პრიზიორი. მსოფლის პირველობების ორგზის (2010, 2011) გამარჯვებული და მესამე (2008) პრიზიორი ახალგაზრდებში. ევროპის პირველობის ორგზის (2008, 2011) გამარჯვებული და მეორე (2010) პრიზიორი ახალგაზრდებში. 2015 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.

სარჩევი

2012 წლის ოლიმპიური თამაშები

55 კგ, 19 მონაწილე
1. ჯამალ ოთარსულთანოვი (რუსეთი)
2. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
3. შინიჩი იუმოტო (იაპონია)
3. იან გიუნ ილი (კსდრ)
I წრე ­ ქულებით ( 6:3) დაამარცხა იბრაჰიმ ფარაგ მოჰამედი (ეგვიპტე); II წრე ­ ქულებით (6:1) მოუგო რადოსლავ ველიკოვს (ბულგარეთი); III წრე ­ ქულებით (5:1) სძლია ამიტ კუმარს (ინდოეთი); IV წრე ­ ქულებით (1:0, 0:4, 1:0) გაიმარჯვა შინიჩი იუმოტოსთან (იაპონია) შეხვედრაში; ფინალში ქულებით (3:5) წააგო ჯამალ ოთარსულთანოვთან (რუსეთი).

2016 წლის ოლიმპიური თამაშები

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი

57 კგ, 20 მონაწილე
1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)
2. რეი ჰიგუჩი (იაპონია)
3. ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)
3. ჰასან რაჰიმი (ირანი)
I წრე ­ ქულებით (4:3) სძლია ნურისლამ სანაიევს (ყაზახეთი); II წრე ­ ქულებით (4:3) მოუგო ჰაჯი ალიევს (აზერბაიჯანი); III წრე ­ ქულებით (8:4) დაამარცხა ვლადიმირ დუბოვი (ბულგარეთი); ფინალში ქულებით (4:3) გაიმარჯვა რეი ჰიგუჩისთან (იაპონია) შეხვედრაში.

2016 წლის 19 აგვისტო. ბრაზილია. რიო დე ჟანიერო. ოლიმპიური თამაშები, „კარიოკა არენა.” ფინალური შეხვედრა 57 კგ წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის. გორელი ფალავანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სანუკვარი ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის. მის პირისპირ იაპონელი რეი ჰიგუჩი დგას. ჰიგუჩი, როგორც ყველა იაპონელი სპორტსმენი ­ სწრაფი და ტექნიკური აღმოჩნდა. არადა, 20 წლის მოჭიდავეს ოლიმპიადის ფავორიტებს შორის არავინ მოიაზრებდა. მეტიც, მას თითქმის არავინ იცნობდა და შესაბამისად, კონკურენტებსაც ნაკლებად ჰყავდათ შესწავლილი. ჰიგუჩიმ პროგნოზები და ვარაუდები არაფრად ჩააგდო და რიოში ცეცხლი დაანთო. ფინალამდე სავალ გზაზე შეჯიბრებას ჯერ კორეელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი იან კიონი, შემდეგ კუბელი ოვლის როდრიგესი, ბოლოს კი, ირანელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰასან რაჰიმი გამოთიშა.

სწორედ რაჰიმს ელოდნენ სპეციალისტები ლადო ხინჩეგაშვილის მეტოქედ ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ, ფინალურ პაექრობაში. ლადოსაც იგივე მოლოდინი ჰქონდა და თანაგუნდელებს და მწვრთნელებს რომ უთქვამთ: „იაპონელმა რაჰიმს მოუგო და ფინალში მას შეხვდებიო,” ­ ხუმრობა ეგონა.

ოქროს მედლისთვის ბრძოლა იაპონელის აქტიურობით დაიწყო. რეიმ სცადა სწრაფი შეტევით განეიარაღებინა მეტოქე. საწყის ორ წუთში ფეხში ორი სახიფათო შესვლა განახორციელა, მაგრამ გამოცდილმა ქართველმა თავი დაიძვრინა. იქვე, მსაჯმა იაპონელს აქტიურობა დაუფასა და ხინჩეგაშვილს 30 ­წამიანი საჯარიმო დრო ჩაურთო, რისი გასვლის შემდეგაც 1 ქულით რეი დაწინაურდა.

იაპონელმა მეორე პერიოდიც აქტიურად დაიწყო. ისევ შევიდა ფეხში და ამჯერად, უკვე შეძლო ჩვენებურის ორქულიანზე გადაგდება 0:3. ეს უკვე საგანგაშო გახლდათ, რადგან დრო ცოტა რჩებოდა და, ამასთან, ჰიგუჩი ძალიან უხერხული მეტოქე ჩანდა. ანგარიშის მიუხედავად, იაპონელმა ისევ განაგრძო აქტიურობა, კიდევ ერთხელ შევიდა ფეხში, მაგრამ გამოეცალა მას ლადო, წინიდან მოექცა, ორივე ხელი ჩაავლო და ზურგსუკან, ყირამალა გადააგდო ­ 2:3. მალე მსაჯებმა ახლა უკვე რეის ჩაურთეს საჯარიმო 30­წამიანი დრო, რომლის მშრალად ჩავლის შედეგად ანგარიში 3:3 გახდა. შეხვედრის დასრულებამდე დარჩენილი იყო 40 წამი. ბოლო ქულით გამარჯვება ლადოს რჩებოდა...

შეხვედრის დასასრულს იაპონელის სეკუნდანტებმა გასაპროტესტებლად „ჩელენჯი” შემოაგდეს ხალიჩაზე, ვითომდა ქართველი წესების დარღვევით აჩერებდა მოწინააღმდეგეს. უსაფუძვლო პროტესტისთვის მსაჯებმა იქით დასაჯეს იაპონელი კიდევ ერთი ქულით. საბოლოო ანგარიში ­ 4:3 ლადო ხინჩეგაშვილის სასარგებლოდ. გორელი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი რიოში უკვე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

იხილე აგრეთვე

ლადო ხინჩეგაშვილი

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები