ხონგორი
ხონგორ-ი / ერ-ხონგორ-ი (ყალ. Эр-Хонгор – „მამაცი ხონგორი“) – ყალმუხური საგმირო ეპოსის ერთ-ერთი ცენტრალური პერსონაჟი, დოჰშინ ცაჰან ზულას ქალიშვილის – ჰერენზელის ქმარი, ხოშუნ-ულანის მამა, ჯანჰარის სახანოს რჩეული რაინდი, რომლის ეპითეტია „მამაცთა შორის უმამაცესი“ (Эрин сэн); არის უბადლო მეომარი და მოჭიდავე; ზოგიერთ სიმღერაში ხაზგასმულია, რომ ხონგორი ძალ-ღონით ეპოსის ცენტრალურ პერსონაჟს, ბუმბას მართველს – ჯანჰარსაც აღემატება; ჰყავს ყოველგვარი სიკეთით დაჯილდოებული ცხენი – ქექე-გალზანი; ფლობს უზარმაზარ მშვილდს, რომლის მსგავსი იარაღი ეპოსის არცერთ გმირს არ გააჩნია. ზოგიერთი გადმოცემით, ხონგორის დედაა მოჰა ხათნი (моhа хатн – „ქალბატონი გველი“) და, ამგვარად, დედის ხაზით მისი წარმომავლობა ქვესკნელთან არის დაკავშირებული. ეპოსის სართ-ყალმუხური ვერსიის მიხედვით, არის უსახელო უთვალტანადო ბიჭი, რომელიც სახანოს საზღვარზე ცხოვრობს; იგი ამარცხებს მანგას გოლიათს, ხაისან-თოლგო მანასს, და იბრუნებს ამ უკანასკნელის მიერ ჯანჰარისთვის წართმეულ ღვთაებრივ ცხენს – ზერდეს. ამ გმირობის სანაცვლოდ ჯანჰარი მის სადიდებელს წარმოთქვამს, ჩუქნის ცხენს, იარაღ-საჭურველს და მას „ერ-ხონგორს“ არქმევს.
ლიტერატურა
Джангар. Калмыцкий эпос. М., 1940; Бурыкин А. А. Индивидуализация образов персонажей как средство композиции и сюжето-образования в калмыцком героическом эпосе «Джангар» // შტუდია ცულტურაე. Вып. 3. Санкт-Петербург, 2002; Басангова Т. Г. Сарт-калмыцкая версия «Джангара» (текст, основные мотивы) // Электронный информационный журнал Эновые исследования Тувы». № 4, 2011.