ხორხის და ხახის კეთილთვისებიანი სიმსივნეები
ხორხის და ხახის კეთილთვისებიანი სიმსივნეები — ხორხის და ხახის მიდამოს სიმსივნეები შესაძლებელია იყოს ნერვული, სისხლძარღვოვანი, ასევე, ცხიმოვანი და შერეული გენეზის. ხშირია ფიბრომები.
ზოგიერთი მათგანი ყურადღებას მათი სიხშირის გამო იმსახურებს. ზოგი კი კლინიკური ნიშნების თავისებურების გამო იწვევს ჩვენს ინტერესს.
სარჩევი |
პაპილომები
ლოკალიზაციის მიხედვით, გამოიყოფა შემდეგი კატეგორიები:
- — ოროფარინგეალურ სიმსივნეები – ასეთი სიმსივნეების აღმოჩენა, როგორც წესი, არის შემთხვევითი. მათ არ გააჩნიათ
კლინიკური ნიშნები და ვიზუალურად წარმოადგენენ პატარა ზომის წანაზარდს არასწორი კიდეებით, სასაზე ან ტონზილას რკალზე. მათი მკურნალობა აუცილებლად ამოკვეთას ითვალისწინებს. ჯობს ეს მოხდეს ლაზერის ან ბიპოლარის გამოყენებით. რეციდივები, როგორც წესი, არ გვხვდება.
- — ლარინგეალური სიმსივნეები – მათი ნაირსახეობა ასაკის და მდებარეობის მიხედვით იყოფა ქვეტიპებად:
- ა. ხორხის პაპილომა მოზრდილებში, ვიზუალურად ყვავილოვანი კომბოსტოსავით გამოიყურება. ეს კეთილთვისებიანი სიმსივნე ძალიან იშვიათად განიცდის მალიგნიზაციას. თუმცა, მაინც პრე-კანცერულ სიმსივნედ გვევლინება. კლინიკურ ნიშნებს მისი ზომა და ადგილმდებარეობა განაპირობებს. იგი, როგორც წესი, დისფონიას და, იშვიათ შემთხვევებში, დისპნოეს იწვევს. ასეთი სახის სიმსივნეების მკურნალობა აუცილებლად მოითხოვს ენდოსკოპიურ, ქირურგიულ ჩარევას და შემდგომ, ამ სიმსივნის ბიოფსიას.
- ბ. ხორხის პაპილომატოზი. ეს კეთილთვისებიანი სიმსივნე გამოირჩევა დიფუზური გავრცელებით და ვირუსული ეტიოლოგიით. გამომწვევი ადამიანის პაპილომა ვირუსია (HUMAN PAPILLOMA VIRUS) და ეს ფაქტორი განაპირობებს ხშირ რეციდივებს. მალიგნიზაცია, როგორც წესი, გამონაკლის შემთხვევებს წარმოადგენს.
ასაკობრივ ჯგუფს მცირეწლოვანი და მოზრდილი ბავშვები წარმოადგენენ. თუმცა, იშვიათ შემთხვევაში, მოზრდილებშიც გვხვდება.
დაავადების მიმდინარეობა ძნელად პროგნოზირებადია. ზოგ შემთხვევაში დაავადება სპონტანურად იკურნება ან სტაბილიზირდება, ზოგჯერ კი პირიქით – მიუხედავად მკურნალობისა, აგრესიულად ვრცელდება და ტრაქეაშიც გადადის.
კლინიკური ნიშნები – დისპნოე და დისფონია, პაპილომატოზის გავრცელების მიხედვით არის სხვადასხვა ხარისხის.
ვიზუალურად, პაპილომატოზი ყვავილოვანი კომბოსტოს ფორმის ვარდისფერი სიმსივნეა, რომელიც ფარავს ხორხის დაზიანებულ ზედაპირს. დაავადების სიმძიმე, როგორც აღვნიშნეთ, დამოკიდებულია სიმსივნის ზომაზე და ადგილმდებარეობაზე. ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით როდესაც პაპილომატოზს ემატება ვირუსული გართულება – გრიპი ან ალერგიული ფონი, შესაძლოა დისპნოეს უეცარი დამძიმება, შეიძლება ტრაქეოტომიის ჩვენებაც გახდეს, ასფიქსიის თავიდან ასაცილებლად.
მკურნალობა ყოველთვის ქირურგიულია და ლაზერით ხორხის მიკროქირურგიას გულისხმობს. ზოგიერთი სკოლის მიერ გამოიყენება ანტივირუსული მკურნალობა თუმცა, მისი ეფექტურობა ჯერ დამტკიცებული არ არის.
ქონდრომები
ამ იშვიათი სიმსივნეების ადგილმდებარეობა, როგორც წესი, ბეჭდისებრი ხრტილი გახლავთ. მისი გავრცელება იწვევს დისფონიას, ყლაპვის პრობლემებს და, რაც უფრო ყურადსაღებია, დისპნოეს, რომელიც ორმხრივია ანუ ინსპირაციულ – ექსპირაციული. რაც აიხსნება სიმსივნის ყიისქვეშა მდებარეობით. ასე რომ, როდესაც საქმე გვაქვს ორმხრივ დისპნოესთან, აუცილებელია ხორხის დეტალური კვლევა.
ლარინგოცელე
ეს პათოლოგია ვითარდება ლორწოვანი გარსის პლიკატურის ანუ ჩაკეცვის გამო, რომელიც MORGAGNI-ის ნაოჭში ვითარდება.
ხელისშემწყობი ფაქტორებია:
- — ხშირი დაძაბვა და ამ მიდამოში წნევის მომატება;
- — ამ მიდამოს კიბო, რის დროსაც, სარქვლოვანი მექანიზმის ჩართვის მიზეზით, ხდება პლიკატურა;
ადგილმდებარეობა, ძირითადად, კანქვეშ ან ციცხვისებრ-ხორხ-სარქველის მიდამოშია;
კისტები
- ტონზილარული კისტები, როგორც წესი, ასიმპტომური, გლანდზე განვითარებული კაზეოზური კისტებია. შესაძლოა გვხვდებოდეს ტონზილას მთელ ზედაპირზე. ისინი ვითარდებიან ტონზილარული ლაკუნების შეხორცების შემდეგ და კაზეოზური მასების დაგროვების ხარჯზე. დაცლის შემდეგ, შესაძლებელია ისევ განვითარდეს. ამიტომ ასეთ შემთხვევებში ნაჩვენებია ტონზილექტომია.
- ხორხის კისტები. ისინი ორად უნდა დავყოთ:
- — ახალწარმოქმნილი – რეტენციული კისტები მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც ხახის ლორწოვანზე მრავლად წარმოდგენილი ლორწოვან-სეროზული ჯირკვლის მიკროსადინარის ობტურაციის გამო ვითარდება. ამ კისტების ადგილმდებარეობა ხორხსარქველი და ხმოვანი იოგი გახლავთ.
- — თანდაყოლილი კისტები, რომელიც დაბადების ან მის შემდგომ, ადრეულ პერიოდში იჩენს თავს და სტრიდორულ
სუნთქვაში ვლინდება. რენტგენოლოგიური კვლევა ცხადყოფს ხორხის ლატერალურად მდებარე კისტოზურ წარმონაქმნს. ამ კისტის ვიზუალიზაცია მარტივი გახლავთ ლარინგოსკოპიით.
მკურნალობა ყოველთვის ქირურგიულია და ჯობია ლაზერით, ენდოსკოპიური კონტროლის ქვეშ განხორციელდეს.
ექტოპიური ჩიყვი (ენის ძირის ჩიყვი)
ზოგ შემთხვევაში, განვითარების რაღაც ეტაპზე, შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის მიგრაციის დარღვევა. ფარისებრი ჯირკვალი არ გადაადგილდება ქვემოთ, მის ნორმალურ ადგილზე და რჩება ენის ძირის მიდამოში.
ასეთ პათოლოგიას, როგორც წესი, თან სდევს სუნთქვის და ყლაპვის პრობლემები. ენდოკრინული დისფუნქცია შესაძლოა არც იყოს გამოხატული. სცინტიგრაფიული და ჰისტოლოგიური კვლევა ადასტურებს დიაგნოზს. თუ კლინიკური ნიშნები საკმარისად არის გამოხატული, მაშინ აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი ჰორმონალური კონტროლი. ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ვცადოთ ჩიყვის რეტრანსპლანტაცია კისრის ქვედა მიდამოში. თუმცა, ეს ძალიან რთული და, ზოგ შემთხვევაში, უშედეგო ჩარევაა, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ფარისებრი ჯირკვალი მაინც არ არის სრულყოფილი.
პარაფარინგეალური სიმსივნეები
პარაფარინგეალური სიმსივნეები ვითარდება ახლომდებარე ორგანოების სიმსივნეებიდან, რომელიც ზრდის პროცესში აწვება ხახის ზედაპირს და ხახის სანათურში ჩნდება.
გამოიყოფა რამდენიმე სახეობა:
- — ყბაყურა ჯირკვლის სიმსივნეები – ხახის წინა ნაწილის გამობერვას იწვევს.
- — საძილე არტერიის ანევრიზმები. ამ პათოლოგიის დროს, ხდება ტონზილას გამოზნექა-შესიება, რაც, შესაძლოა, პარატონზილარულ აბსცესში აგვერიოს. გაკვეთის შემთხვევაში შესაძლოა დავაზიანოთ საძილე არტერია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კატაკლიზმური სისხლდენა, რომელიც ლეტალურად შეიძლება დამთავრდეს. ამიტომ ამ მიდამოს ყველა ფლეგმონა უნდა იქნას დეტალურად გამოკვლეული CTკვლევით. გაკვეთის წინ აუცილებელია აბსცესის პუნქციის გაკეთება, თუ ტომოგრაფიული კვლევა არ გვაქვს.
- — ნერვული სიმსივნეები, რომლებიც ლატერალურ კედელს აწვებიან და ხახის ლატერალურ გამობერვას იწვევენ.
- — ხერხემლის მალების ძვლოვანი სიმსივნე, რომელიც იწვევს ხახის კედლის გამობერვას.