ხოსროვშირინიანი
„ხოსროვშირინიანი" – (XVIII ს. პირველი ნახევარი), თარგმნილი ძეგლი. ირანის ძლევამოსილი მეფის ხოსროვისა და კავკასიის განმგებლის ასულის შირინის სიყვარულის ლეგენდა ადრევე ჩნდება სპარსულ ზეპირ თუ წერილობითს წყაროებში. პირველად ცალკე ეპიზოდის სახით იგი ფირდოუსიმ (X ს.) შეიტანა „შაჰ-ნამეში“, ხოლო რომანტიკული პოემა ამ თემაზე შექმნა ნიზამი განჯელმა (XII ს.). ნიზამის მრავალი მიმბაძველი გამოუჩნდა. მათგან უადრინდელესია ინდოელი სპარსულენოვანი მწერალი ხოსროვ დეჰლევი (XIII ს). სწორედ მისი პოემა „შირინ ო ხოსროვ“ დაედო საფუძვლად ქართულ თარგმანს, როგორც ეს ბოლო მინაწერიდან ირკვევა. მთარგმნელის ვინაობა უცნობია. თარგმანი შესრულებულია პროზით, ზუსტად მიჰყვება სპარსულ ტექსტს, თუმცა მნიშვნელოვანი კუპიურებით, უმთავრესად აღწერითს ნაწილში. ქართული ვერსიის ენა ვულგარულია, ხშირია როგორც ლექსიკური, ისე ფრაზეოლოგიური სპარსიზმები. იგივე სიუჟეტი თავისებურად გადაამუშავა XVII ს. ისტორიკოსმა ფარსადან გორგიჯანიძემ.