ხოხობი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხოხობი

ხოხობი (ლათ. Phasianus colchicus Linnaeus, 1758) ფრინველთა გვარი ხოხბისებრთა ოჯახისა ქათმისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − ხოხობი

ხოხობი დიდი ზომის ქათმისნაირი ფრინველია, ფრთა 200-245 მმ-ია, კუდი – მამლისა 390-520 მმ, დედლისა 240-290 მმ, ნისკარტი – 25-33 მმ, წონა – მამლისა 850-1300 გ. დედლისა – 750-950 გ. მამალი ბევრად დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესთა შორის მკვეთრი განსხვავებაა. ზრდასრული მამალი თავსა და კისერზე მკვეთრი მუქი ლურჯია, მეტალური ელვარებით, მაგრამ თხემზე ბრინჯაოსფერ-მწვანე, ხოლო კისრის გვერდებსა და წინა მხარეს მოლურჯო-იისფერში გადადის. კისრის უკანა მხარე და ზურგის წინა ნაწილი ოქროსფერ-ნარინჯისფერია, ბუმბულების შავი კიდეებით და წვეროს ნაწილში შავი ღერძულა ზოლებით. ზურგის უკანა ნაწილი, მხრები, წელი და კუდის ზემო მფარავები მოწითალო-ჟანგისფერია, მეწამული ელვარებით; საჭის ბუმბულები მოწაბლისფრო-წენგოსფერ-ქარცია, მოწითალო-ჟანგისფერი კიდეებით. საჭის შუა წყვილზე შავი განივი ზოლებია. ჩიჩახვი და მკერდის წინა ნაწილი მოწითალო-ჟანგისფერია, ბუმბულების შავი კიდეებით. კუდის ქვემო მფარავები წაბლისფერია, შავი ელვარე ლაქებით. დედლის საერთო შეფერილობა მოქვიშისფრო-მურაა; თავზე, კისერზე, მანტიასა და მკერდის გვერდებზე ბუმბულებს მოშავო-მურა ცენტრები აქვთ, მოქარცისფრო ელფერით და სუსტი მოიისფრო ელვარებით. ყელი მკრთალი მოქარცისფრო-ჟანგმიწისფერია. მკერდი და მუცელი – მკრთალი მოქარცისფრო-მურა. ნისკარტი ღია მოწაბლისფრო-ყვითელია, ფეხები – მორუხო.

ცნობილია ხოხბის 37 ქვესახეობა. საქართველოში წინათ გამოყოფდნენ ქვესახეობას: კოლხურ ხოხობს – Ph. c. colchicus Linn., 1758 და აღმოსავლეთ საქართველოს ხოხობს – Ph. c. lorenzi Buturlin, 1904. უკანასკნელ ხანებში ორივე ამ ქვესახეობას მიიჩნევენ ერთ – ამიერკავკასიური ხოხბის – Ph. c. colchicus Linn., 1758, ქვესახეობად.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუნებრივი არეალი მოიცავს უთოვლო ან მცირეთოვლიანსა და რბილი კლიმატის ზოლს პალეარქტიკის სამხრეთ ნაწილში. ეს არის დაბლობები კავკასიაში, წინა აზიის შავი ზღვის სანაპიროებიდან ანატოლიაში, ირანში, შუა აზიასა და ავღანეთში; შემდეგ ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია: მონგოლეთი, ჩინეთი, ბირმა, კორეა და იაპონია. გარდა ამისა, აკლიმატიზებულია ევროპისა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში. საქართველოში წინათ მრავლად ყოფილა ყველგან კოლხეთის დაბლობზე, მტკვრისა და ალაზნის ჭალებში. უკანასკნელ ხანებში მიღებული ღონისძიებების შედეგად, კვლავ მომრავლდა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მრავალ ადგილას, განსაკუთრებით ნაკრძალებსა და სამონადირეო მეურნეობებში. მრავალ ქვეყანაში ამრავლებენ სპეციალურ სახოხბე მეურნეობებშიც.

ბიოტოპი

ჭალის ტყეები, წვრილი ტყე მდინარისა თუ სხვა წყალსატევების სანაპირო დაბლობზე ხშირი ბუჩქნარების, მხვიარა და მხოხავი მცენარეებისა და ბალახნარების ქვეტყით; ლელიან-ჩალიანები მცირედ დაჭაობებულ ადგილებში სიმინდისა და სხვა მარცვლოვანების ნათესები და ბაღ-ვენახები ჭალებში. საქართველოში ზოგიერთ ადგილას მოიპოვება ტყეებში 850 მ-ის სიმაღლეზე ზ. დ.

გამრავლება

პოლიგამიური ფრინველია, ერთი მამალი უწყვილდება 2-3 დედალს. ბუდობს მიწაზე. ბუდე ამოფენილია ხმელი ფოთლებით, ბალახითა და ბუმბულით. მაისში დებს 8-12, ზოგჯერ 18 და მეტ კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 23-24 დღეს გრძელდება. ახალგამოჩეკილ წიწილებს 2-3 საათის შემდეგ შეუძლია სირბილი და საკვების მოკენკვა. ერთი თვის წიწილა მწყერისოდენაა; 2 თვისა იწონის 450-500 გ-ს, ხოლო 4 თვის ასაკში უკვე კარგად შეიძლება მამლის გარჩევა დედლისაგან.

კვება

ხოხბის საკვები მეტად მრავალფეროვანია და ცვალებადობს წლის სეზონების მიხედვით. ძირითადი მაინც მცენარეულობაა, სადაც მოხმარების რაოდენობით გამოირჩევა სარეველათა თესლები, ნაყოფები, ვეგეტატიური ნაწილები. ცხოველური საკვებიდან უმრავლესობა მწერია, რომელთაგან ბევრი სოფლის მეურნეობის მავნებელია.

მნიშვნელობა

ხოხობი ყოველმხრივ ძვირფასი ფრინველია. იგი პირველხარისხოვანი სანადირო ობიექტია; კვების ხასიათის მიხედვით სოფლის მეურნეობისათვის სასარგებლოა; განსაკუთრებული სილამაზე დიდ ესთეტიკურ მნიშვნელობასაც ანიჭებს მას.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები