ხუციშვილი კახი
კახი ხუციშვილი – (დ. 1928 წლის 17 ივლისი), საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).
დაიბადა 1928 წლის 17 ივლისს თელავის რაიონის სოფელ ართანაში, 1948 წელს შევიდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, 1954 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია ფერწერა-დეკორაციის განხრით და მიიღო თეატრალური მხატვრის წოდება. ამ დროიდან იგი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამდგმელი მხატვარია.
კახი ხუციშვილს. ოთხი ათეული წლის განმავლობაში გაფორმებული აქვს 25-ზე მეტი ფილმი, მათ შორის: „მაგდანას ლურჯა“ (1955, კოსტიუმების მხატვარი), „ბაში-აჩუკი“ (1956), „სხვისი შვილები“ (1957), „მაია წყნეთელი“ (1958), „დღე პირველი, დღე უკანასკნელი“ (1959), „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ (1962), „პიერი — მილიციის თანამშრომელი“ (1965), „დიდოსტატის მარჯვენა“ (1968), „კაცია ადამიანი“ (1978), სატელევიზიო მხატვრული ფილმი „დათა თუთაშხია“ ხუთ სერიად (1977), „წიგნი ფიცისა“ აგრეთვე ხუთ სერიად (1978).
1981 წელს, ხუთსერიიანი სატელევიზიო ფილმის „დათა თუთაშხიას“ მხატვრული გაფორმებისათვის, კახი ხუციშვილს სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა, 1984 წელს — საქართველოს სსრ სახალხო მხატვრის წოდება.
1985 წელს, კინოსერიალის „წიგნი ფიცისა“ მხატვრული გაფორმებისათვის, კახი იოსების ძე ხუციშვილს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია ენიჭება.