ხუჭუჭა ვარხვი
ხუჭუჭა ვარხვი (ლათ. Pelecanus crispus Bruch, 1832) – დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 690–800 მმ-ია, ნისკარტი – 380-510 მმ, წონა – 13 კგ-მდე. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. სხვა ვარხვების მსგავსად, დამახასიათებელია ბრტყელი, ნავის ფორმის სხეული, დაბალი ფეხები, ოთხივე თითი ერთმანეთთან დაკავშირებულია კარგად განვითარებული საცურავი აპკით. თავსა და კისერზე აქვს წაგრძელებული და ხუჭუჭა ბუმბულები. ქვედა ყბის მთელ სიგრძეზე კანის ძლიერ წევადი პარკია. ნისკარტი წვეროში მოკაუჭებულია. საერთო შეფერილობა თეთრია, მაგრამ ზურგის მხარეს ნათელი მორუხო ფერის ბუმბულები აქვს. პირველი რიგის მომქნევები და მათი მფარავები შავია.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი სპორადულია. სსრ კავშირში მოიპოვება როსტოვის ოლქში, მდ. ვოლგის, ამუდარიისა და სირდარიის დელტებში, ცენტრალური ყაზახეთის, ბალხაშისა და ალიყულის ტბებზე. სსრკ ფარგლებს გარეთ ცნობილია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე თურქეთში, ირანსა და სირიაში. ზამთრობს ერაყში, ირანსა და ინდოეთში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენის პერიოდებში – უპირატესად შავი ზღვის სანაპიროებზე, ზოგჯერ აღმოსავლეთ საქართველოს წყალსატევებზეც.
ბიოტოპი
ბინადრობს ღრმა შიდა წყალსატევებზე – ტბებზე და მდინარეთა დელტებზე, რომელთა სანაპიროები მდიდარია წყლის მცენარეულობით.
გამრავლება
სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3 წლის ასაკში. ბუდეს აგებს დედალი ხმელი ლელისა და ბალახისაგან მიწაზე, მცენარეულობით მდიდარი წყალსატევის ნაპირზე. ბუდობა ჩვეულებრივად კოლონიურია. აპრილში დებს 3–5 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 40 დღეს გრძელდება.
კვება
ხუჭუჭა ვარხვის ძირითადი საკვებია წვრილი და საშუალო სიდიდის (2,5 კგ-მდე) თევზები, რომელთაც იჭერს როგორც თავთხელ, ისე ღრმა წყლებში.
მნიშვნელობა
ამ ფრინველს გარკვეული ზიანის მოტანა შეუძლია თევზის მეურნეობისათვის, მაგრამ მისი რიცხოვნობა მცირეა.