ჯალალ ად-დინი
ჯალალ ად-დინი (ჯალალედინი) თექეშ (?) იბნ ალა ალ-დან მუჰამად მანქბერნი – ხვარაზმ-შაჰთა დინასტიის უკანასკნელი სულთანი (1220-31).
მამის, სულთან მუჰამადის სიკვდილის (1220) შემდეგ სათავეში ჩაუდგა ხვარაზმელთა ბრძოლას მონღოლთა წინააღმდეგ და პირველი გამარჯვება მოიპოვა მათზე ქაბულის მახლობლად, ფერვანთან. 1221 წლის 24 ნოემბერს მდინარე ინდის ნაპირთან მონღოლებთან ახალ ბრძოლაში დამარცხდა და ინდოეთში გაიქცა. სამი წლის შემდეგ დაბრუნდა ირანში, სადაც მისი ძალაუფლება აღიარეს ფარსში, ქირმანსა და სპარსეთის ერაყში. 1225 მან დაიპყრო ელდიგუზიანთა საათაბაგო (არანი, აზერბაიჯანი) და დაუპირისპირდა საქართველოს.
ჯალალედინმა, რომელმაც თავი ისლამის ინტერესების დამცველად გამოაცხადა, შეძლო ანტიქართული და ანტიქრისტიანული განწყობილებების გაღვივება და ახლო აღმოსავლეთის მუსლიმი გამგებლების ანტიხვარაზმული გამოსვლების ნეიტრალიზაცია. 1225 წლის აგვისტოში მან გარნისში დაამარცხა ქართველთალაშქარი, აიღო დვინი, ხოლო 1226 წლის 9 მარტს კი – თბილისი, რაშიც თავისი წვლილი შეიტანეს თბილისელმა მუსლიმებმა. 1227 წლის თებერვალში ქართველებმა დაიბრუნეს თბილისი, მაგრამ ვერ შეინარჩუნეს ის, გადაწვეს და დატოვეს. 1228 წლის ბოლოს ან 1229 წლის დასაწყისში ქართველები ერთხელ კიდევ დამარცხდნენ ჯალალედინთან ბრძოლაში. ხვარაზმელებმა მოაოხრეს საქართველოს სამეფოს დიდი ნაწილი. მათ შემოსევას თან სდევდა რეპრესიები ქრისტიანთა მიმართ, ეკლესია-მონასტრების ნგრევა.
1229 წლის 14 აპრილს ჯალალედინმა აიღო აიუბიანთა კუთვნილი ქ. სლათი, სადაც ხელთ ჩაუვარდა მისი გამგებლის ალ-მალიქ ალ-აშრაფის მეუღლე, ივანე მხარგრძელის ასული თამთა. 1230 წლის 10 აგვისტოს ალ-აშრაფმა და რემის სელჩუკთა სულთანმა ქეიყუბადმა დაამარცხეს ჯალალედინი იასი-ჩიმენთან (ერზინჯანის მახლობლად). ხვარაზმ-შაჰმა დაიხია აზერბაიჯანში, სადაც ხელახლა გამოჩნდნენ მონღოლები ჩორმაღან-ნოინის მეთაურობით. მათთან ბრძოლაში დამარცხებული ჯალალედინი ჩრდილოეთ მესოპოტამიაში გაიქცა, მაიაფარიკინის მახლობლად, მიაში ერთმა ქურთმა მოკლა (აგვისტოში).