ჯალალედინის ლაშქრობები საქართველოში 1225-30

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯალალედინის ლაშქრობები საქართველოში 1225-30 - ხვარაზმ-შაჰ ჯალალედინის შემოსევები საქართველოში. მონღოლებს გამოქცეულმა ჯალალედინმა ირანის მნიშვნლოვანი ნაწილის გაერთიანება მოახერხა. მან ბოლო მოუღო ილდენიზიანთა სახელმწიფოსაც და დიდი ჯარით საქართველოსკენ წამოვიდა. გარნისთან (ერევნის აღმოსავლეთით) მოხდა სისხლისმღვრელი ბრძოლა, რომელშიც ქართულმა ლაშქარმა (სხვადასხვა ცნობით 30-დან 70 ათ. მეომრამდე) მძიმე მარცხი განიცადა (გარნისის ბრძოლა). ეს გამოწვეული იყო მტრის ძალების არასწორი შეფასებით და ქართულ სარდლობაში არსებული წინააღმდეგობებით.

1226 წელს ჯალალედინი თბილისს მოადგა და 9 მარტს ადგილობრივი მაჰმადიანების დახმარებით ქალაქი აიღო. მოსახლეობის დიდი ნაწილი მომხდურებმა გაჟლიტეს. ხვარაზმელებმა დაიპყრეს აგრეთვე სომხეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს ბევრი სხვა ქალაქი და ციხე.

1227 წელს ქართველებმა ისარგებლეს ჯალალედინის ომში ჩაბმით ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და ხლათის მფლობელ აიუბიანებთან და უეცარი თავდასხმით თბილისი გაათავისუფლეს.

ხვარაზმშაჰი თავისი მთავარი ძალებით კვლავ საქართველოსკენ წამოვიდა, დაამარცხა 40 ათ-ანი ქართული ლაშქარი (ბოლნისის ბრძოლა) და ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი დაარბია. თბილისი ისევ მომხდურთა ხელში აღმოჩნდა. ხვარაზმელთა თარეში საქართველოსა და სომხეთში 1230 წლამდე გაგრძელდა, ვიდრე ჯალალედინი მონღოლებმა არ დაამარცხეს. ლტოლვილი ხვარაზმშაჰი ქურთებმა მოკლეს (1231).


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები