ასი ათასი მოწამე
ასი ათასი („ათნი ბევრნი“) მოწამე − წმ. მოწამენი (ხსენებუს დღე 31.09/13.10), მოწამებრივი აღსასრული მიიღეს თბილისში ხორეზმ-შაჰ ჯალალედინის ჯარების შემოსევის დროს (1226-1227). ჯალალედინს პირველი ბრძოლა ქართველთა ჯართან ჰქონდა სომხეთში, სოფ. გარნისთან 1225 წ. აგვისტოს ბრძოლა ქართველების მარცხით დამთავრდა. 1226 წ. დასაწყისში ჯალალედინი თბილისს მოადგა და 9 მარტს აიღო ქალაქი. ხორეზმელებმა იგი საშინლად ააოხრეს და გაძარცვეს, უმოწყალოდ გაჟლიტეს მოსახლეობა. ჟამთააღმწერლის სიტყვებით, თბილისის ქუჩებში „სისხლისა მდინარენი დიოდეს. ტჳნი კაცთა, დედათა, ბერთა, ჩჩჳლთა თმა და სისხლი, თავი მჴართაგან განშორებული, ნაწლევნი ცხენთა მიერ დათრგუნვილნი ურთიერთას ადრეულ იყო“. თბილისის აღების შემდეგ ხორეზმელებმა საქართველოს სხვა კუთხეები მოარბიეს და ააოხრეს: „იწყეს რბევად... სომხითისა და კამბეჩიანისა და იორის პირთა, ქართლს და თრიალეთს, ჯავახეთს და არტანს, ზოგი სამცხეს და ტაოს, კარნიფორას და ანისის მიმდგომთა ქუეყანათა“. თბილისში ყოფნის დროს ჯალალედინმა კიდევ ერთი გაუგონარი სისასტიკე ჩაიდინა. მან „მოიგონა სხუაცა სიბოროტე“ – მოისურვა, რომ თბილისის სიონის ტაძართან მირეკილ ქრისტიანებს მის თვალწინ შეურაცხყოფა მიეყენებინათ სიწმინდეებისათვის. ჯალალედინმა მოარღვევინა თბილისის სიონის ტაძრის გუმბათი, იქ თავისი „ბილწი საჯდომი“ დაადგმევინა და „ჴიდითა მაღლითა და გრძლითა (მაღალი და გრძელი კიბით) განვიდა აღსლვად“. შემდეგ მან ბრძანა სიონიდან მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის გამოტანა, ამ „ჴიდისა შესავალსა“ ე.ი. კიბესთან პირაღმა მათი დადება და „ყოველთა მათ პყრობილთა ქრისტიანეთა, მამათა და დედათა, იძულებით დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა უკეთუ არა ჰყონ წარკუეთა თავთა“. უამრავი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას. ჟამთააღმწერლის თქმით, ქრისტიანთა ისეთმა რაოდენობამ მიიღო „გჳრგჳნი წამებისა, რომლისა აღრაცხვა შეუძლებელ არს სიმრავლისათჳს, რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ათ ბევრ (100 000) აღიწია რიცხვი მოკლულთა“.
ზ. აბაშიძე
ლიტერატურა
- კიკნაძე რ., ხორეზმელები საქართველოში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979;
- ქართველ წმინდანთა ცხოვრება, ზუგდ., 1997.