ჯაფარიძე ბესარიონ
ჯაფარიძე ბესარიონ − (1848–1877), პუბლიცისტი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე.
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ (1868) სწავლობდა პეტერბურგის, ოდესის უნივერსიტეტებში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, ჟენევაში. ფლობდა რუსულ, ფრანგულ, გერმანულ ენებს. ისმენდა ჰარტმანის, ვერტემეიერის, მონიეს, ფოსტის ლექციებს. გაეცნო ევროპის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას. ესწრებოდა პირველი ინტერნაციონალის ადგილობრივი სექციის სხდომებს. სათავეში ედგა საზოგადოება „უღელის“ ჟენევის განყოფილებას, სადაც კითხულობდა ლექციებს საერთაშორისო მდგომარეობაზე. იყო ერთ-ერთი მოთავე 1874 წ. ჟენევაში გამართულ ქართველთა კონგრესისა. იცნობდა პარიზის კომუნის ბევრ მონაწილესა და ხელმძღვანელს, ზოგ მათგანთან მეგობრობდა კიდეც. ქართულ პრესაში მან გამოაქვეყნა პირველი ორიგინალური წერილები პარიზის კომუნაზე (უშუალოდ კომუნის დღეებში დაწერილი). 1873 წლიდან უძღვებოდა „დროების“ უცხოეთის განყოფილებას, 1875-76 წწ. კი თანარედაქტორობდა ამ გაზეთს. 1875 წ. სათავეში ედგა „ქართული წიგნის გამომცემელთა საზოგადოებას“ (მისი რედაქციითა და ხელმძღვანელობით გამოიცა ნ. ბარათაშვილის, ზ. ანტონოვის თხზულებები, „ქართული მწერლობის“ I და II წიგნები). იყო ერთ-ერთი მეთაური ი. ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ლიტერატურული წრისა, მუდმივი თანამშრომელი და თანარედაქტორი გაზეთ „ივერიისა“, მეურვე „კრებულისა“.