ჯაფარიძე რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რევაზ ჯაფარიძე

რევაზ ჯაფარიძე(დ. 23 მაისი, 1923, საჩხერის რაიონის სოფელ ბაჯითი — გ. 30 აგვისტო, 1999), მწერალი: რომანისტი, პუბლიცისტი, წლების მანძილზე საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი, მწერალთა კავშირში წევრად მიმღები კომისიის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრი (1992-1995), „საპატიო ნიშნის“ ორდენის, შრომის წითელი დროშის ორდენის, ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის (1983) და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1993).

დაიბადა 1923 წელს საჩხერის რაიონის სოფელ ბაჯითში, აღიზარდა თბილისში; 1942-1946 წლებში, ომის დროს, იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში, 1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ლოგიკის განხრით; პირველი მოთხრობა ჯერ ისევ სტუდენტობისას 1949 წელს გამოაქვეყნა, პირველი რომანი „ხევის პატარძალი“ წიგნად გამოსცა 1951 წელს.

რევაზ ჯაფარიძის კალამს ეკუთვნის რომანები — „ხევის პატარძალი“, „ჯარისკაცის ქვრივი“ ორ წიგნად, „მძიმე ჯვარი“ ოთხ წიგნად, „ვნების კვირა“, „გზა გოლგოთისაკენ“, „მხევალი უფლისა“, მოთხრობები — „მარუხის თეთრი ღამეები“, „ჯიმარაის ტუსაღები“, „მხიარული მატარებელი“, „წაბლა და ნიკორა“, „ხმა იდუმალი“, „ღმერთო, მომაგონე!“, „იონა“, „ახლო არს ზაფხული“, მოთხრობათა ციკლი ქაქუცა ჩოლოყაშვილზე და მრავალი სხვა.

ცალკე წიგნებად გამოიცა და მერე ორ ტომში გაერთიანდა მოგზაურობის შთაბეჭდილებანი: „ბუხენვალდის სამრეკლო“, „ადამიანის მორჩილი ზღვა“, „ევროპაში და ევროპის გარშემო“, „ოთხი დღე ჰაოსის ქვეყანაში“. თანამედროვეობის მწვავე პრობლემებს ეხება ხუთი წიგნი პუბლიცისტიკისა: „აწონილი სიტყვა“, „სიცოცხლის ხე“, „ახალი წახნაგები“, „შხაპუნა წვიმა“ და „კაენის ცოდვა“.

რევაზ ჯაფარიძეს თარგმნილი აქვს ი. ბაბელის, ნ. ტიხონოვის, ი. ბონდარევის, ჯ. გოლსუორთის, ვ. კერნბახისა და სხვათა ნაწარმოებნი; თავად მისი რომანები და მოთხრობები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, ლიტვურ, აზერბაიჯანულ, სომხურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, რუმინულ, უნგრულ ენებზე.

1958 წელს რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ რევაზ ჯაფარიძის სცენარის მიხედვით გადაიღო ფილმი „სხვისი შვილები“, რომელმაც მრავალი ფესტივალის პრიზი დაიმსახურა.

1983 წელს რომან-ეპოპეა „მძიმე ჯვარისათვის“ რევაზ ჯაფარიძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

1993 წელს მწერლის ახალი რომანი „გზა გოლგოთისაკენ“ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემიით აღინიშნა.

1992-1995 წლებში რევაზ ჯაფარიძე იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები