ჯაფარიძე უჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უჩა ჯაფარიძე

უჩა ჯაფარიძე – (დ. 17 აგვისტო, 1906 – გ. 6 ივლისი, 1988) ქართველი ფერმწერი, საქართველოს მხატვართა კავშირის თავმჯდომარე (1951-1972), საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1946), სსრ კავშირის სახალხო მხატვარი (1963), სსრ კავშირის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი (1958), სსრ კავშირის მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არაერთი მოწვევის დეპუტატი, ლენინის ორი და სხვა ორდენების კავალერი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1942), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987).

დაიბადა 1906 წლის 17 აგვისტოს ონის რაიონის სოფელ ღარში, სწავლობდა თბილისში მოსე თოიძის სამხატვრო სტუდიაში (1922-24), დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1931), 1936 წლიდან იქვე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1944 წლიდან პროფესორია, 1942-1946 წლებში აკადემიის რექტორია, 1939 წლიდან — ფერწერისა და კომპოზიციის კათედრის გამგე). ადრინდელ ნაწარმოებებშივე „მწყემსი“ (1933), „სამხარი“ (1931), „მოგზაურობა“ (1936), „პირველი თვითმფრინავი რაჭაში“ (1936) გამოვლინდა უ. ჯაფარიძის, როგორც რეალისტი მხატვრის სახე. მისი მრავალფიგურიანი ჟანრული სცენები გამოირჩევა პოეტურობით. გარკვეულ ეპიკურობასთან ერთად მათში ჩანს ადამიანთა თბილი ურთიერთობა, ღრმა ფსიქოლოგიური განწყობილება. ასეთებია, მაგალითად, „გულითადი საუბარი“ (1938), „დედის ფიქრები“ (1945), „დარიგება“ (1957), „იმერელი გლეხები“ (1939).

თავისი შემოქმედებითი ენერგიის უდიდესი ნაწილი უჩა ჯაფარიძემ ე. წ. ისტორიულ-რევოლუციურ თემატიკას შეალია. ტიპიურ მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ მონუმენტური ტილო „საპირველმაისო დემონსტრაცია თბილისში 1901 წელს“ (1939-1941), რისთვისაც მას 1942 წელს სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. უ. ჯაფარიძე ნაყოფიერად მოღვაწეობდა პორტრეტულ ჟანრშიც (შ. რუსთაველი (1937), უ. ჩხეიძე (1943), ი. იმედაშვილი (1951) და სხვ.). მის კალამსვე ეკუთვნის შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა“ და ი. ჭავჭავაძის პოემის „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყოჩაღის ცხოვრებიდამ“ ილუსტრაციები.

1987 წელს, უკანასკნელ წლებში შექმნილი პორტრეტებისა და ჟანრული სურათებისთვის, უჩა ჯაფარიძეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

უჩა ჯაფარიძე გარდაიცვალა 1988 წელს, დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები