ჰაემეტობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰაემეტობა – VII-VIII სს. ქართული სალიტერატურო ენისათვის დამახასიათებელი მოვლენის გვიანდელი შეფასებითი ტერმინი, როცა ს-ის მსგავსად, ჰ- პრეფიქსის ხმარებაც II სუბიექტური და III ობიექტური პირების ნიშნად (ჰ-უთხრათ, ჰ-ეშინოდა), ზედსართავი სახელის უფროობითი ხარისხის ფორმებში (ჰ-უმჯობჱ-ს) და ინიან ვნებითებში (ჰ-იყო, ჰ-იქმნა) გაიგება ზედმეტად, არასაჭიროდ.

ტერმინი „ჰაემეტი“ „ხანმეტის“ ანალოგიით შექმნა ა. შანიძემ, როცა ამოიკითხა პალიმფსესტური ხელნაწერის (H-1329) ქვედა ფენაში დაცული VII ს. ოთხთავის საკითხავების ტექსტი „იერუსალიმის განჩინებისა“. ჰაემეტი ფორმები გვხვდება 616-619 წყისის წარწერაში (აღჰუმართე), ასევე 897 ადიშის ოთხთავში (ჰემტერა, ჰჳყავ, ჰევედრებოდეს). ცალკეული ჰაემეტი ფორმები საკმაოდ გვხვდება ძველი ქართული ენის სხვადასხვა ძეგლებში (7 ფორმაა დადასტურებული „ხანმეტ ლექციონარში“, 3 – ხანმეტ „იერემიას წინასწარმეტყველების“ კემბრიჯულ ფრაგმენტში).

VIII-IX სს. მიჯნიდინ ჰ-ასიმილაციით ს-დ იქცევა დ თ ტ ძ ც წ ან შ-დ ჯ ჩ ჭ თანხმოვნების წინ, ანდა საერთოდ იკარგება ხმოვნების წინ. ამ პერიოდის ძეგლებში ხშირია ჰ-ს ან მისი შემცვლელი ს ბგერის ადგილას კონტამინაციური მრჩობლი ჰს დაწერილობაც (ჰსტირი).

ა. შანიძის მიერ ამოკითხული პალიმფსესტური ტექსტის მიჩნევა ცოცხალი ჰაემეტობის ამსახველად შეუძლებელია. მისი აზრით, ამ ტექსტებს ჰაემეტი პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, ფაქტობრივ, ისინი სან-ნარევ ტექსტთა უძველესი ნიმუშებია.

IX-X სს. ხელნაწერებში გამოვლენილია ჰაემეტობის გადმონაშთები, რომლებიც მიგვანიშნებენ, რომ ჰაემეტი ძეგლების კორპუსი მდიდარი და მრავალფეროვანი იყო. ირკვევა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის მრავალი საყურადღებო ძეგლი გადაწერილია ჰაემეტი დედნიდან.

კ. დანელია

ლიტერატურა

  • შანიძე ა. ჰაემეტობა ადიშის ოთხთავში. – თხზ, ტ. 2, თბ., 1981;
  • მისივე. ჰაემეტი ტექსტები და მათი მნიშვნელობა ქართული ენის ისტიორიისათვის. – „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“, 1921, ტ. 3
  • შანიძე მ. ჰაემეტობის გადმონაშთები X საუკუნის ერთ სინურ ხელნაწერში. – „კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე“, თბ., 1959. ტ. I
  • სარჯველაძე ზ. ჰაემეტობის გადმონაშთები X საუკუნის სინურ ხელნაწერებში. – „სმამ“, 1968, ტ. 52, №1
  • დანელია ა. სარჯველაძე ზ. ქართული პალეოგრაფია, თბ., 1997.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები