ჰერემოდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერემოდა − ეს სიტყვა არაბული წარმომავლობისაა და ქართული ენის აჭარულ დიალექტში თურქულიდან გავრცელდა. იგი სპარსულშიც დასტურდება − apteshane. ჰერემოდა აჭარულ ტრადიციულ საცხოვრებელში საქორწინო წყვილის ოთახი იყო, დედოფალიც იქ შეჰყავდათ. ჰერემოდა ძველებური სახლის ერთი იმ ოთახთაგანი იყო, რომელშიდაც ცოლ-შვილის პატრონი ოჯახის წევრი ცხოვრობდა. ამ ოთახს, ჩვეულებრივ, ოჯახის საერთო ჯალაბობის ანდა სტუმრისათვის არ იყენებდნენ. იგი საცხოვრებელში ახალდაქორწინებულ წყვილთა საძინებელი იყო.

აბდესხანა ასეთი ოთახის განუყრელ ნაწილს წარმოადგენდა. „აბდესხანაც” სპარსული წარმომავლობის სიტყვად მიიჩნევა და ქართულში ადრე ესეც თურქულიდან გავრცელდა. კონკრეტულად აბდესხანა პირსაბანს, აბდესის ასაღებ ადგილს ნიშნავდა. ქართველ მუჰაჯირებში ტერმინი პირსაბანი იყო გავრცელებული: „ძუელ სახლებ ბუხრიან ოდაში ხის აბდესხანები ქონდა. ახლა ჩეშმეზე ვიღებთ აბდესსა”. აბდესხანებს ოთახის ძირში პატარა ხვრელი ჰქონდა სათანადო წყლის გამტარებელი ღარით, საიდანაც როგორც სარიტუალო, ისე საოჯახო მოხმარების წყალი სახლის უკან მდებარე „ხალხამზე” გადაედინებოდა. აბდესხანა უპირველესად ჰიგიენის დაცვას ემსახურებოდა და ცოლ-ქმარს შორის სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ განბანისათვის გამოიყენებოდა. ამ მიზნით საღამოთი ცოლი ოთახში შეშას სპეციალურად მოიმარაგებდა, ოთახში ცალკე დააწყობდა და დაწოლის წინ ბუხარს შეუნთებდა. ყველა საქორწინო წყვილის ოთახისათვის ბუხარი აუცილებელი კომპონენტი იყო. როცა ბუხარი ინთებოდა, შესაბამისად, ოთახი თბებოდა და წყალიც ცხელდებოდა. სქესობრივი აქტის შემდეგ უკვე გამთბარ ოთახში მდებარე აბდეს ხანაში როგორც ქალი, ისე მამაკაცი იბანავებდა, განიწმინდებოდა და იქვე სექვზე გამართულ ქვეშაგებში ჩაწოლილნი მომავალი დღის მოლოდინში ერთად იძინებდნენ. სხვათაშორის, გამოვლენილია ისეთი აბდესხანებიც, რომლებიც ოთახის კედლის გასწვრივ მოთავსებული ტახტის − სექვის ერთ ბოლოში იყო გამართული, სექვის, რომელსაც თავზე ეხურებოდა. მას სათვალე, ხოლო სახურავს სათვალეს თავი ეწოდებოდა. საჭიროების შემთხვევაში სექვის ამ ნაწილის თავსახურს წამოწევდნენ, შიგ ჩაჯდებოდნენ და სხეულზე თბილ წყალს გადაივლებდნენ, სადაც, როგორც ითქვა, სპეციალური ხვრელიდან გამოყენებული წყალი სახლის უკან − ხალხამზე გადაიღვრებოდა. შემდეგ სექვის ეს ნაწილი იხურებოდა და ჩვეულებრივ ტახტის ბუნებრივ გაგრძელებად რჩებოდა.


წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები