ჰიკს ჯონ რიჩარდ
ჰიკს ჯონ რიჩარდ (1904-1989) (Hiks John Richard) – ბრიტანელი ეკონომისტი, მოღვაწეობდა ეკონომიკის ლონდონის სკოლაში, კემბრიჯის, მანჩესტერისა და ოქსფორდის უნივერსიტეტებში. 1972 წელს, კენეტ ეროუსთან ერთად, გახდა ნობელის პრემიის ლაურეატი. დიდი ღვაწლი მიუძღვის კეთილდღეობის ეკონომიკური თეორიის პრობლემების კვლევაში. ნობელის კომიტეტმა განსაკუთრებით გამოყო მისი ნაშრომი „ფასეულობა და კაპიტალი“ (1939), რომლითაც ავტორმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საყოველთაო წონასწორობის თეორიაში, კერძოდ, გარე შოკების ზემოქმედებით საყოველთაო წონასწორობის მდგრადი სისტემის პრობლემების ანალიზში.
ჰიკსის ნაშრომებიდან აგრეთვე აღსანიშნავია: „ხელფასის თეორია“ (1932), „მისტერ კეინზი და კლასიკოსები“ (1937), „ეკონომიკური ციკლის თეორიისათვის“ (1950), „მოთხოვნის თეორიის გადასინჯვა“ (1956), „კაპიტალი და ეკონომიკური ზრდა“ (1965), „კეინზიანური ეკონომიკური თეორიის კრიზისი“ (1974) და ა.შ.