ჰორნი კარენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰორნი კარენ

ჰორნი კარენ - Horney Karen, Хорни Карен, 1885-1952

გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგი, ნეოფროიდიზმის ერთ-ერთი ლიდერი (ჰ. სალივანთან ერთად), ნაწილობრივ - ჰუმანისტური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი.

ჰორნის (დაბადებით – დანიელსენი) დედ-მამა გერმანული მოქალაქეობის მქონე დანიელები იყვნენ. ჰორნი იყო პირველი ქალი გერმანიაში, ვინც მედიცინის შესწავლის უფლება მიიღო. ბერლინში გახდა მედიცინის დოქტორი და იქვე მუშობდა ფსიქოანალიზის ინსტიტუტში, რომლის დაარსებაშიც აქტიურად მონაწილეობდა. 1932 წელს გადასახლდა აშშ-ში. მუშაობდა ჯერ ჩიკაგოს, ხოლო შემდეგ ნიუ-იორკის ფსიქოანალიზის ინსტიტუტებში. საპროგრამო წიგნის - „ჩვენი დროის ნევროზული პიროვნება” (1937) - გამოცემის შემდეგ, აშკარა გახდა მისი უთანხმოება კლასიკური ფსიქოანალიზის მომხრე კოლეგებთან. ჰორნი წავიდა ინსტიტუტიდან და, თავის მომხრეებთან ერთად, ფსიქოანალიზის განვითარების ასოციაცია დააარსა. მალე ფსიქოანალიზის ამერიკულ ინსტიტუტს და ჟურნალს ჩაუდგა სათავეში (1941), რომელთაც სიკვდილამდე ხელმძღვანელობდა.

ჰორნი უარყოფდა ზ. ფროიდისეულ პანსექსუალურობას და ლიბიდოს სექსუალურ თეორიას, ეჭვი შეჰქონდა ოიდიპოსის კომპლექსისა და სიკვდილის ინსტინქტის, თანატოსის არსებობაში, ასევე ფროიდის შეხედულებებში იდი-ეგო-სუპერეგო სტრუქტურის თაობაზე. მიუხედავად ამისა, იგი ძალზე აფასებდა ფროიდის მოძღვრებას და მიაჩნდა, რომ საჭიროა მისი არა უკუგდება, არამედ სრულყოფა.

ე. ფრომის მსგავსად, ჰორნი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ახალი სოციალური ვითარების შესაბამისად უნდა შეიცვალოს ფსიქოანალიზის თვალსაზრისი ნევროზის ბუნებისა და მკურნალობის თაობაზე. ახალი ხანის პაციენტების ფსიქიკურ აშლილობათა ნამდვილი მიზეზი ხასიათის დარღვევაშია. ამიტომ მთავარი მიზანია ნევროზული ხასიათის სტრუქტურის გამოვლენა და მისი კორექცია. ხასიათი ბიოლოგიური კი არა, სოციალური ფაქტორებით არის განსაზღვრული. მათ შორის უმნიშვნელოვანესია სოციალური ურთიერთობები ბავშვსა და მშობლებს შორის {ტრანსაქციული ანალიზი}. მათი ყოველგვარი გამრუდება (დაცინვა, გაგებისა და სიყვარულის ნაკლებობა, ბავშვის არასაკმარისი მეურვეობა ან გადაჭარბებული მეურვეობა, დედაზე მიჯაჭვულობა, ერთერთი შვილისთვის თუნდაც გაუცნობიერებელი უპირატესობის მინიჭება და სხვა) იწვევს ე.წ. ძირეულ შფოთვას, მარტოობისა და უსუსურობის, არასრულფასოვნების განცდას. ამისგან დაღწევის სამი ძირითადი ნევროზული სტრატეგიაა: მოძრაობა ადამიანებისკენ, მოძრაობა ადამიანებისგან და მოძრაობა ადამიანების საწინააღმდეგოდ. სამი ქცევითი სტრატეგიის შესაბამისად გამოიყოფა ნევროზული პიროვნების (ხასიათის) სამი ტიპი: დამთმობი, განდგომილი და აგრესიული.

ჰორნის მიერ სერიოზულად რეფორმირებული ფსიქოანალიზის ამოცანაა შფოთვის შემცირება იმ დონემდე, რომ ადამიანმა შეძლოს ნევროზული სტრატეგიების გარეშე ცხოვრება {სოციალურად ორიენტირებული ფსიქოანალიზი}.

ჰორნი დაინტერესებული იყო ფემინიზმის პრობლემებით, დაწერილი აქვს წიგნი „ქალის ფსიქოლოგია“. იღვწოდა ქალის დაჩაგვრისა და დამცირების, ქალის უფლებათა შელახვის ყოველგვარ გამოვლინებათა წინააღმდეგ.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები