კუმისის ტბა
(→წყარო) |
|||
ხაზი 34: | ხაზი 34: | ||
* [[გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება]]. | * [[გარდაბნის რაიონში მოზარდი სამკურნალო მცენარეების მრავალფეროვნება]]. | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: ტბები საქართველოში]] |
[[კატეგორია:ტბები ქვემო ქართლში]] | [[კატეგორია:ტბები ქვემო ქართლში]] |
09:10, 20 ნოემბერი 2023-ის ვერსია
კუმისის ტბა
თბილისიდან 15 კმ-ში მდებარე ტბა. კუმისის ხელოვნური ტბაა აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, რომელიც მტკვრის ხეობის მარჯვენა მხარეზე, სოფ. კუმისის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. მოქცეულია იაღლუჯის მაღლობსა და წალასყურის ვაკეს შორის, ამავე სახელწოდების ტაფობში, ზღვის დონიდან 475 მ. სიმაღლეზე. აუზის ფართია 97 კმ², ხოლო ზედაპირის - დაახლოებით 5 კმ². სიგრძე თითქმის 3 კმ, სიგანე საშუალოდ 1 კმ. საშუალო სიღრმე დაახლოებით 1 მ, მაქსიმალური 4 მ (დამოკიდებულია წყლის დონის რყევაზე). კოორდინატები: 41°35′07″ ჩ. გ. 44°50′29″ ა. გ.
კუმისის ტაფობი ამოვსებულია მეოთხეულ ტბიურ-მდინარეული და დელუვიურ-პროლუვიური ნაფენებით. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1960-იან წლებში ტბის ფართობი სულ რაღაც 0.48 კმ² იყო, სიღრმით კი 50 სმ-ს აღწევდა. კუმისის ტბის ასეთი გადიდება გამოწვეულია ხელოვნურად. წყლის დონის აწევასა და სიღრმის მომატებას მოჰყვა თევზის გამრავლება. სანამ ტბას გააფართოვებდნენ მისი წყალი მწარე მლაშე იყო. დღეს მას შეიძლება ვუწოდოთ ბუნებრივ-ანთროპოგენური წყალსატევი, ვინაიდან მასში ჩაშვებულია მდინარე ალგეთის წყალი და თევზსაშენი მეურნეობაა მოწყობილი. ამას მოჰყვა წყლის დონის აწევა და იხტიოფაუნის გამრავლება (ასევე წყლის შედარებით გამტკნარება). ტბის წყლის დონე ძალზე რყევადია. ადრეულ პერიოდში კუმისის ტაფობში რამდენიმე ნაწილად დატოტვილი ტბორი იყო წარმოდგენილი. შემდგომში შეერთების შედეგად მცირე ტბად გადაიქცა. აკადემიკოს ალექსანდრე ჯანელიძის მიხედვით კუმისის ტბა ფსევდოკარსტული წარმოშობისაა. ტბის ძირითადი მასაზრდოებელია მდინარე ალგეთის წყალი, რომელიც აქ არხითაა მიყვანილი. საზრდოობს ასევე მიწისქვეშა წყლებით. ტბის ფსკერი სამკურნალო თვისების მქონე ტალახითაა მოფენილი (შუა ნაწილში ტალახის სისქე რამდენიმე ათეული სმ-ია.). შიგ ტბაში ადგილ-ადგილ შეინიშნება ცივი წყაროების გამოსავლები. მდიდარია თევზით. კუმისის ტბაში ჩაედინება მდინარე უკანხევი, რომელიც სათავეს იღებს დაბა კოჯრის მიდამოებში და გამოივლის სოფელ ტაბახმელას გვერდით, გუდელისის ტერიტორიაზე. მდინარე სოფელში, ზემოუბნის ხევში წარმოქმნის ულამაზეს ჩანჩქერს და საბოლოოდ კუმისის ტბას ერთვის.
კუმისის ტბის ფსკერზე არის ლამის ტალახი, რომელიც სამკურნალო თვისებებით ახტალის ტალახის შემდეგ მეორე ადგილზეა და გამოიყენება თბილისის, ქუთაისის, ბორჯომისა და სხვა სამკურნალო დაწესებულებებში, მასში აღმოჩენილია ანტიბიოტიკები, ჰორმონები, ბაქტერიოფაგი, სილიციუმის, ალუმინის, რკინის ჟანგეულების და სხვ. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები.
კლიმატი
კლიმატი კონტინენტურია, მშრალი. ზამთარი რბილი, მცირეთოვლიანი. იანვრის საშუალო ტემპერატურა 0-10C. ზაფხული ცხელი, მშრალი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 240C. ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 550 მმ. ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 68%. სანაპირო თითქმის მთლიანად გარშემორტყმულია მცენარეულობით. ტბის ნაპირებზე იზრდება ისლი და ლელქაში, სადაც წყლის ფრინველები აფარებენ თავს. ტბის აღმოსავლეთი სანაპირო XX ს-ის 80-იანი წლებიდან სააგარაკე ადგილმამულებადაა გადაცემული.
ფლორა
კუმისის მშრალი სუბტროპიკული ჰავა გავლენას ახდენს მცენარეული საფარის ჩამოყალიბებაზე. ფერდობებზე, ტერასების გაჭრილი და ხელოვნური ტყეებია გაშენებული. განაშენიანება ძირითადად გასული საუკუნის 60-70-იან წლებში მოხდა. ტყეების გაშენებას ჰქონდა ნიადაგისა და წყლის დაცვითი მნიშვნელობა. ფერდობების გამწვანებისათვის ძირითადად გამოყენებულია აღმოსავლური ნაძვი, კავკასიური ფიჭვი, ნუში, ნეკერჩხალი. კარგადაა განვითარებული ბალახეული საფარი.
კუმისის ტბის ნაპირებზე და მიმდებარე ფართობებზე შემდეგი მცენარეები აღირიცხა: კუმისის ტბის ნაპირები: 38 T 0485971 UTM 4604694, H-477 m, ტბისპირა ჭარბტენიან ზოლში გავრცელებულია ჭაობის მცენარეულობა. აქ აბსოლუტური გაბატონება ლელიანებს – Phragmites australis ეკუთვნის, რომელიც უხვფოთლანია, იზრდება 2-3 მ. სიმაღლემდე. ლელიანში სხვა მცენარეები არ გვხვდება, ხოლო ლელიანებისაგან თავისუფალ ადგილებში ალაგ-ალაგ დასახლებულია ლელქაში – Bolboschoenus maritimus, ჩალაყვავილა – Butomus umbellatus, შხაპრი – Sparganium erectum, S. minimum, რქაფოთოლა - Ceratophyllum demersum.
ტბის დაჭაობებულ მონაკვეთებზე აღინიშნება ისლიანების Caricetum- ის კორდები, რომლებიც შექმნილია Carex leporina, C. vulpina და სხვა სახეობებისაგან. ისლის კორდში თითო-ოროლად გვხვდება: ჭილი - Iuncus effusus, I. atratus, მახრჩობელა - Deschampsia cespitosa, თივაქასრა- Poa palustris და სხვ. ტბის ნაპირებზე იაღლუნის – Tamarix ramosissima –ს ერთეული ინდივიდები აღირიცხა.
კუმისის ტბის ნაპირებზე წარმოდგენილია ნახევარუდაბნოებისათვის დამახასიათებელი პოტაშიანი მცენარეები: ყარღანი – Salsola dendroides, ჩარანი – Salsola ericoides, კალია - Salsola soda. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ნახევარ-უდაბნოების მცენარეებისა, რომელთა შორის ყარღანს, ჩარანსა და კალიას წამყვანი ადგილი უკავიათ, აღინიშნება მლაშნარების სხვა ტიპური მცენარეებიც: ხვარხვარა – Petrosimonia brachiata, Petrosimonia glaucescens, გამანტა - Gamanthus pilosus და სხვა მისთანანი. საკმაოდ დიდი ფრაგმენტებია ავშნის – Artemisia lerchiana [A. pyllostashys Woronow; A.meyeriana Bess; A. hanseniana Auct.], ფარსმანდუკის სახეობების - Achillea setacea, A. bieberssteinii, A. neilreichii. კუმისის ტბის შემოგარენის ცალკეულ დაჯგუფებებში, აგლომერაციებსა და აგრეგაციებში, რომლებიც შექმნილია ჩოღანოს – Salicornia herbacea ან არხაჯის ბალახის - Suaeda heterophylla მიერ, ხშირია კალიის - Salsolia soda ჯგუფებიც. გვხვდება უფრო რთული დაჯგუფებებიც, რომლებშიც მონაწილეობას ღებულობს ხურხუმა – Salsola nodulosa, შოროქანი, შოროქნის ცოცხი – Limonium meyeri, მხოხავი ჭანგა – Elymus repens (= Agropyron repens), მლაშე გლერტა – Aeluropus littoralis.
აქვეა წარმოდგენილი აბზინდიანებიც (Artemisia absinthium), რომელიც ერთის მხრივ დაკავშირებულია ჩარანიანებთან, ყარღანიანთან და მეორეს მხრივ უროსთან – Bothriochloa ischaemum. აქ აღინიშნება ჩარანიან-აბზინდიანი, ყარღანიან- აბზინდიანი, კაპუეტიანი ან აბზინდიანი, უროიან-აბზინდიანის დაჯგუფებები. ნახევარუდაბნოს ყველა ტიპის მცენარეულობა ძირითადად ზამთრის საძოვრებადაა გამოყენებული. დანარჩენ ნაწილში გაბატონებულია მეორადი უროიანი და ვაციწვერიანი სტეპები.