დელფო
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''დელფო''' – ფოკიდაში მდებარე [[ელადა|ელადის]] ერთ-ერთი უძველესი პატარა [[ქალაქი]]. ლეგენდარულ დელფოს, [[აპოლონი]]სადმი მიძღვნილ მისტერიულ ცენტრს, სადაც ამ ღვთაების პირით [[ | + | '''დელფო''' – ფოკიდაში მდებარე [[ელადა|ელადის]] ერთ-ერთი უძველესი პატარა [[ქალაქი]]. ლეგენდარულ დელფოს, [[აპოლონი]]სადმი მიძღვნილ მისტერიულ ცენტრს, სადაც ამ ღვთაების პირით [[პითია]] წინასწარმეტყველებდა, ბერძნები ოდითგანვე წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ. |
დელფო დამოუკიდებელ პოლისს წარმოადგენდა, საკუთარი მმართველით – [[არქონტი]]თ სათავეში. აპოლონის განთქმული სამისნო კი მის მფლობელობაში შედიოდა. | დელფო დამოუკიდებელ პოლისს წარმოადგენდა, საკუთარი მმართველით – [[არქონტი]]თ სათავეში. აპოლონის განთქმული სამისნო კი მის მფლობელობაში შედიოდა. | ||
| ხაზი 25: | ხაზი 25: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | [[ანტიკური საბერძნეთი]] | + | [[ანტიკური საბერძნეთი (ხელოვნების ისტორია)|ანტიკური საბერძნეთი]] |
[[კატეგორია: ძველი საბერძნეთი]] | [[კატეგორია: ძველი საბერძნეთი]] | ||
[[კატეგორია: ქალაქები ძველ საბერძნეთში]] | [[კატეგორია: ქალაქები ძველ საბერძნეთში]] | ||
მიმდინარე ცვლილება 15:45, 2 აპრილი 2026 მდგომარეობით
დელფო – ფოკიდაში მდებარე ელადის ერთ-ერთი უძველესი პატარა ქალაქი. ლეგენდარულ დელფოს, აპოლონისადმი მიძღვნილ მისტერიულ ცენტრს, სადაც ამ ღვთაების პირით პითია წინასწარმეტყველებდა, ბერძნები ოდითგანვე წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ.
დელფო დამოუკიდებელ პოლისს წარმოადგენდა, საკუთარი მმართველით – არქონტით სათავეში. აპოლონის განთქმული სამისნო კი მის მფლობელობაში შედიოდა.
დელფოს სამისნო მეტად უცნაურ, მისტიკურსა და მკაცრ გარემოში, კასტალიის ხეობაში, კლდოვანი მასივის ფედრიადების ძირში, ფერდობზეა განლაგებული. მის სიახლოვეს მოსჩქეფს კასტალიის წმინდა წყარო. პარნასოსის ორთავა მთა კი ზემოდან დასცქერის ამ მკაცრ ლანდშაფტსა და მის წიაღში განლაგებულ. სამისნოს ხეობაში ძალზე ძლიერი ექოა, ადამიანის ჩურჩულიც კი, რამდენიმე გზის გამეორებისას, ძლიერ გამოძახილად იქცევა. როგორც რომაელი მწერალი იუსტინუსი (ახ.წ. II ს.) გვამცნობს, სწორედ ექომ განაპირობა ამ ადგილას სამისნოს დაარსება, მაგრამ ეს ერთადერთი მიზეზი როდი იყო; ამას დაერთო ისიც, რომ წმინდა ნაკვეთზე, ერთ ადგილას, ნაპრალიდან რაღაც უხილავი ძალით ამოდიოდა ცივი ორთქლი, რომელიც დამბანგავად მოქმედებდა ადამიანზე და გონებას უბინდავდა. სწორედ მისი ზემოქმედებით წინასწარმეტყველებდნენ ქურუმი ქალები პითიები; ქალწულები, რომლებსაც ბავშვობიდანვე ამ საქმისთვის საგანგებოდ. წვრთნიდნენ. მოგვიანებით, როდესაც აქ ანსამბლი აიგო, ეს ნაპრალი აპოლონის ტაძრის ადიტონში მოექცა. მასზე საგანგებო სამფეხს დგამდნენ, ზედ პითიას სვამდნენ, რომელიც ტრანსში ვარდებოდა და წინასწარმეტყველებას იწყებდა. მის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ქურუმი მამაკაცები საგანგებოდ იწერდნენ და შემდგომ ლექსად ამცნობდნენ ადამიანებს, როგორც ჰითიას პირით გამჟღავნებულ ღვთაების ნებას. ბერძენთა რწმენით, ეს ადგილი სამყაროს ჭიპს წარმოადგენდა და სწორედ ამიტომაც იყო შესაძლებელი აქ სხვადსხვა სკნელებს შორის საზღვრის გადალახვა, ღვთაებასთან კავშირის დამყარება და მისგან მომავლის გაგება.
თავდაპირველად. დელფოს სამისნო მიწის ქალღმერთს, გეას ეკუთვნოდა. შემდგომ კი ამ ადგილის მფლობელი აპოლონი ხდება. გადმოცემით ცნობილია, რომ აპოლონი ამ ადგილს მშვიდობიანი გზით როდი დაეუფლა. იგი შეებრძოლა ორაკულის მცველს, გველ-დრაკონს – პითონს, მოკლა იგი და ამგვარად დაიმკვიდრა ადგილი დელფოში. ეს ფაქტი ელინთა მიერ ბნელ ძალებზე სიკეთის გამარჯვებად აღიქმებოდა. პირველ მისნად კი ნიმფა დაფნე ითვლებოდა. მითი მოგვითხრობს, რომ აპოლონს თავდავიწყებით შეუყვარდა იგი, მაგრამ დაფნე. სიყვარულითვე არ პასუხობდა ღვთაებას, მუდამ გაურბოდა და საბოლოოდ მისგან თავის დასაღწევად დაფნის ხედ გადაიქცა. ამის შემდეგ კი წინასწარმეტყველების უფლება სწორედ აპოლონმა მოიპოვა. ეს მცენარე – დაფნა დელფოს წმინდა ხედ შეირაცხა, ხოლო დაფნის რტო და მისი ფოთლების გვირგვინი აპოლონის განუყოფელ ატრიბუტად იქცა.
დელფოს სამისნო დიდ როლს თამაშობდა ელინთა ცხოვრებაში, არც ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი თუ პირადი საკითხი არ წყდებოდა აპოლონის ორაკულთან „შეთანხმების“ გარეშე, ამ ღვთაების ნების შეტყობის გარეშე. დელფოს სამისნოს შორს ჰქონდა სახელი განთქმული. მომავლის შესატყობად აქ მოდიოდნენ როგორც საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქიდან, ისე უცხო ქვეყნებიდანაც. ჰომეროსის პოემებში დელფო ხშირადაა მოხსენიებული. როგორც ჩანს, ამ დროისათვის იგი უკვე მნიშვნელოვანი ცენტრია თვით დელფოს ანსამბლი უკვე არქაიკის ხანაში იყო ჩამოყალიბებული, თუმცა კლასიკის პერიოდშიც, ძვ.წ. V ს-ში აქ აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა.
დელფო ვრცელ ანსამბლს წარმოადგენდა, რომელშიც შედიოდა საკუთრივ აპოლონის სამისნო და მისგან ოდნავ მოშორებით მდებარე ათენასადმი მიძღვნილი ანსამბლი მარმარია. აქვე იყო აპოლონისადმი მიძღვნილი სპორტული თამაშების – დელფიადების ჩასატარებლად განკუთვნილი ნაგებობები – გიმნასიონი, პალესტრა და სტადიონი. მათგან დომინანტს, რაღა თქმა უნდა, აპოლონის სამისნო წარმოადგენდა, სადაც საგანგებოდ ინახავდნენ პირველი მისნობის ადგილს, ე.წ. სიბილას კლდეს.
აპოლონის სამისნო მაღალ ბორცვზეა განლაგებული და გალავნითაა გარშემორტყმული. მისკენ გზა კასტალიის წყაროდან მიემართება და ცენტრალურ შესასვლელს მიადგება. აქედან კი იწყება 4-5 მეტრის სიგანის კლდოვანი, ხვეული შიდა გზა, რომლის ორივე მხარეს ოდესღაც მრავალი ნაგებობა და ძეგლი იდგა. ამ გზას საბოლოოდ. ანსამბლის მთავარ ნაგებობასთან − აპოლონის ტაძართან მივყავართ.
ყოველი ქალაქი თუ ცალკეული ადამიანი ცდილობდა აპოლონისათვის საგანგებო ძღვენი მიერთმია და ამით მისი გული მოეგო, მფარველობისა თუ წინასწარმეტყველებისათვის მადლიერება გამოეხატა. ისინი თავისი დროის გამოჩენილ მოქანდაკეებს უკვეთავდნენ ქანდაკებებს და შემდეგ დელფოში დგამდნენ. პლინიუსის ცნობით აქ 3000-მდე ქანდაკება მდგარა. ეს იყო ღვთაებების, ათლეტების ქანდაკებები, ბრძოლებში გამარჯვების აღსანიშნავი ძეგლები, ისტორიულ და მითოლოგიურ სიუჟეტებზე შექმნილი რელიეფებით შემკული მონუმენტები, წმინდა ცხოველთა ფიგურები და სხვ.
ამასთან ერთად, აქვე იდგა პორტიკები, საკურთხევლები, ბულევტერიუმი და, რაც მთავარია, სხვადასხვა ქალაქის მიერ აგებული საგანძურები, რომლებშიც აპოლონისათვის ძღვნად მირთმეული განსაკუთრებით ძვირფასი ნივთები ინახებოდა. პავსანიასის ცნობითა და აქ წარმოებული არქეოლოგიური გათხრებით ჩვენთვის ცნობილია, რომ აქ სიკიონელთა, სიფნოსელთა, ათენელთა, თებელთა, სირაკუსელთა, კნიდოსელთა და სხვათა საგანძურები იყო. ისინი წმინდა გზის გასწვრივ იყო განლაგებული და თანდათან ამზადებდა მნახველს ანსამბლის დომინანტთან − აპოლონის ტაძართან შესახვედრად, რომელიც თავისი გეომეტრიული ფორმებით, მკაფიო სილუეტითა და თეთრი ფერით კარგად გამოიყოფოდა მოყავისფრო კლდის ფონზე. გზის სხვადასხვა მონაკვეთიდან მნახველი მის ცალკეულ ნაწილებს სხვადასხვა რაკურსით ხედავდა, ხოლო მთავარ ტერასაზე ასვლისას ტაძარი უკვე სრული სახით წარსდგებოდა მის წინაშე.
ამჟამად დელფოს ანსამბლი მთლიანად დანგრეულია, მაგრამ თავის დროზე ეს, ალბათ, მხატვრულად მეტად მრავალფეროვანი, ბუნებასთან ბრწყინვალედ შერწყმული უნიკალური ანსამბლი იქნებოდა.