მიმღეობა (გრამატიკა)
(→წყარო) |
|||
ხაზი 42: | ხაზი 42: | ||
[[კატეგორია:გრამატიკა]] | [[კატეგორია:გრამატიკა]] | ||
[[კატეგორია:ზმნა]] | [[კატეგორია:ზმნა]] | ||
+ | [[კატეგორია:ქართული ენა]] |
მიმდინარე ცვლილება 23:39, 7 მაისი 2025 მდგომარეობით
მიმღეობა – ზმნის უუღლებელი ფორმა, რომელიც იბრუნვის. მიმღეობა წინადადებაში ზედსართავის ფუნქციით გამოიყენება: დასაწერი, დაწერილი, დაუწერელი (წერილი, ლექსი..). მიმღეობას მოეპოვება წარმოქმნის ყველა ის კატეგორია, რომელიც საწყისისთვის არის დამახასიათებელი (იხ. მასდარი): გეზი, ორიენტაცია, ასპექტი, კონტაქტი, გვარი (ეს უკანასკნელი საწყისთან იშვიათია); ზმნის კატეგორიებიდან, საწყისის მსგავსად, აკლია ქცევა, თუმცა, მისგან განსხვავებით, შეუძლია გამოხატოს მიმართებითი დრო. მაგრამ აქ არ შეიძლება ლაპარაკი დროის კატეგორიაზე, ეს არის თანამიმდევრობა, კატეგორია, რომელიც გამოხატავს არა წარსულსა და მომავალს, არამედ მოქმედების უწინარესობას ან შემდგომადობას წინადადებაში ნახმარი ზმნის დროის მიმართ (ა. შანიძე). არის მოსაზრება, რომ მიმღეობაში დროის აღნიშვნა გამორიცხულია; ასევე არც გვარის მიხედვით დაპირისპირებული მიმღეობის ფორმები გვაქვს (ე. ოსიძე).
მიმღეობა ქართულში სხვადასხვაგვარად იწარმოება. არსებობს პრეფიქსიანი, სუფიქსიანი და პრეფიქს-სუფიქსიანი წარმოება, რომელთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს პრეფიქსებით ნაწარმოები ფორმები, რადგან, მიმღეობისთვის ნიშანდობლივი სწორედ პრეფიქსებია (არნ. ჩიქობავა). პრეფიქსებად გვევლინება: მ-, ნა-, სა-, უ-: მ-ზიდ-ავ-ი, ნა-წვ-ავ-ი, სა-გებ-ი, და-უ-ფარ-ავ-ი და ა. შ.
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში არსებობს თვალსაზრისი, რომ მიმღეობისთვის ზმნის I სერიის ფუძეა საყრდენი, მაგ. ა-შენ-ებ-ს – ა-შენ-ებ-ულ-ი, მალ-ავ-ს – სა-მალ-ავ-ი და ა. შ. (ა. შანიძე). მაგრამ გამოთქმულია მოსაზრებაც, რომ ქართულში ნაზმნარ სახელთა წარმოებისას ასევე აქტიურად იხმარებოდა II სერიის ფუძეც: ზი-ს - ჯდ-ა/ი-ჯდ-ა → ჯდ-ომ-ა -→ მ-ჯდომ-არ-ე, ტკბ-ებ-ა -→ და-ტკბ-ა -→ და-მ-ტკბარ-ი, ე-ფხვნი -→ და-ვ-ფშვენ-ი -→ ნა-ფშვენ-ი და სხვ. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ ნა- და სა- პრეფიქსიანი ყველა ფორმა ამგვარ ვითარებას არ უჩვენებს (ბ. ჯორბენაძე).
სხვადასხვა პრინციპით ნაწარმოები ფორმების პარალელური ხმარების ფაქტი ახსნას მოითხოვს.
არსებობს თვალსაზრისი, რომ მიმღეობის განსხვავებული ფორმები სხვადასხვა დროისა და სხვადასხვა დიალექტური წრის შემონატანია. განსხვავების წყაროდ დიალექტების მოშველიება საკითხს ვერ ახსნის. მიზეზი ქრონოლოგიურ შრეებშია საძიებელი. მაგ- მიჩნეულია, რომ მიმღეობის მაწარმოებელი აფიქსებიდან პრეფიქსი ისტორიულად გრამატიკული კლასის მაჩვენებელი იყო, ხოლო სუფიქსი – სახელის ფუძის დეტერმინანტი. ამის მიხედვით. მიმღეობის წარმოების ჩამოყალიბების გზა ქართულში შესაძლებელია ასეთი ყოფილიყო: თავდაპირველად მიმღეობის შინაარსს გამოხატავდა ზმნის პირიანი (კლასოვანი) ფორმა დიურატიული ასპექტით, შემდეგ – მიმღეობის მაწარმოებელ სუფიქსთა დართვით მიღებული დროისა და გვარის მიხედვით განუსაზღვრელი ნაზმნარი სახელი, ხოლო ენაში გრამატიკული კლას-კატეგორიის გაქრობის შემდეგ – ნაზმნარი ზედსართავი სახელი, რომელიც უკვე ზმნის მორფოლოგიურ კატეგორიებსაც აღნიშნავს (ე. ოსიძე). ამ მსჯელობიდან გამომდინარე, ფორმებში – ტფ-ილ-ი, ცხ-ელ-ი – მ-ების -ილ, -ელ სუფიქსები წარმოშობით სახელის ფუძის დეტერმინანტებია. ეს ფორმები იმ ეტაპის ამსახველი ჩანს, როდესაც მიმღეობათა ფორმობრივი მოდელი ენაში ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული (ფორმებში ნაღობ-ი, სა-ფარ-ი და ნა-ბად-ი, ნა-კეთ-ი... აშკარაა, რომ უნიშნობა გვიანდელია). ენაში ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდა ძველი და ახალი ფორმები. მიმღეობათა ფორმობრივი ყალიბის წარმოქმნის პირველ ეტაპზე თემის ნიშნის მოკვეცა არ შეიძლება ყოფილიყო დამახასიათებელი – მოკვეცა შემდეგ მოხდა მორფოლოგიური სისტემის გავლენით და იგი დაკავშირებული ჩანს ხმოვანმონაცვლე და ერთთემიან ზმნურ ფუძეებთან, ეს უკანასკნელნი აწმყოში თემის ნიშანს არ დაირთავდნენ და, ამდენად, იგი არც მიმღეობისთვის იყო საჭირო. ანალოგიით, თემისნიშნიან ზმნათაგან ნა- და სა- პრეფიქსებით ნაწარმოებმა მიმღეობურმა ფორმებმაც ზოგ შემთხვევაში თემის ნიშანი ჩამოიკვეცეს; მაგრამ აქვე უნდა დავძინოთ, რომ ეს პროცესი ფორმათა ერთ ნაწილს საერთოდ არ შეხებია, მეორე ნაწილში კი მერყეობა შეინიშნება.
მ და უ- პრეფიქსიანი მიმღეობები, შეიძლება ითქვას, თითქმის უგამონაკლისოდ წარმოგვიდგენენ თემის ნიშნებით გაფორმებულ აწმყოს ფუძეს. რაც შეეხება ნა- პრეფიქსიან მ-ს, რომელიც ნამყო დროისად არის მიჩნეული, ფაქტობრივად მოქმედი თემის ნიშნებით გაფორმებული ზმნური ფუძეების ნამყოს ფუძეს ვერ ასახავს, მაგ. მი-ს-ცემ-ს – მინაცემი, ა-გებ-ს – ანაგები, რგ-ავს – ნარგავი და მისთ. (განათხარი, განაზარდი ტიპის ფორმები ძალიან იშვიათია); და თუ გავითვალისწინებთ, რომ მიმღეობისთვის პრეფიქსია ნიშანდობლივი, ცხადი გახდება, რომ მიმღეობის პრეფიქსულ წარმოებას II სერიის ფუძესთან კავშირი არა აქვს და მისი წარმოება აწმყოს დრო-კილოთა ჩამოყალიბების თანადროულია. ამ გარემოების გამო სალიტერატურო ქართულში ერთგვაროვანი ვითარებაა და იგი მხედავი და მხედი, მოსაკითხავი და მოსაკითხი ფორმებიდან უპირატესობას პირველი ტიპის ფორმებს ანიჭებს, რომლებშიც I სერიის ფუძეა ასახული, თემის ნიშნებით გაფორმებული.
ძველი და საშ. ქართულში ფუძედრეკადი ზმნებისგან პრეფიქსებით ნაწარმოებ მიმღეობებში -ავ თემის ნიშანი არ ჩანს, ყველგან უთემისნიშნო ფუძეა წარმოდგენილი (მკრეფი, დანაგლეჯი, საზელი, უშრეტი..). იგივე უნდა ითქვას მარტივ, ერთთემიან ზმნათაგან ნაწარმოები მიმღეობური ფორმების შესახებაც (გამტეხი, განაკვეთი, საკენკი... ახ. ქართულში ფუძედრეკადი ზმნებისგან ნაწარმოებ მიმღეობურ ფორმებში თემისნიშნიან წარმოებაზე გადასვლის პროცესი, ამოსავალი ზმნური ფუძეებისაგან განსხვავებით, დასრულებული არ არის, მაგრამ თემისნიშნიანი წარმოება (წამლეკავი, სალესავი, მოუტეხავი..), უთემისნიშნო წარმოებასთან შედარებით უფრო ხშირია და, როგორც ჩანს, საერთო ტენდენციის შესაბამისად, საბოლოოდ თემისნიშნიანი ფორმები დამკვიდრდება.
მიმღეობის მაწარმოებელ სუფიქსებად გამოყენებულია -ილ და -ულ: და- წერ-ილ-ი, და-ფლეთ-ილი-ი, გა-თლ-ილ-ი, გაყოფ-ილ-ი, გა-პობ-ილ-ი, და- მალ-ულ-ი, და-რბე-ულ-ი, ა-შენებ-ულ-ი, და-ცემ-ულ-ი. როგორც ცნობილია, მიმღეობის მაწარმოებელი -ილ და -ულ სუფიქსები სალიტერატურო ქართულში და დიალექტებში ენაცვლებიან ერთმანეთს, მაგრამ მათი დისტრიბუცია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ზმნის ფუძე (ა. შანიძე, გ. დეეტერსი, დ. მელიქიშვილი, ა. არაბული, ბ. ჯორბენაძე, რ. ქურდაძე).
მიმღეობის ფორმათა საწარმოებლად მოგვეპოვება პრეფიქს-სუფიქსიც: მ-თლ-ელ-ი, მ-კვდ-არ-ი, და-უ-წერ-ელ- ი და ა. შ.
ი. ღუტიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჩიქობავა არნ. სახელის ფუძის უძველესი აგებულება ქართველურ ენებში, თბ., 1942;
- მისივე, უპრეფიქსო მიმღეობათა წარმოებისა და ისტორიის ზოგი საკითხი ქართულში. – „იკეწ“, XIII, თბ., 1986;
- შანიძე ა. ქართული გრამატიკის საფუძვლები, თბ,, 1953;
- ოსიძე ე. მიმღეობის წარმოება ქართულში. – „თსუ შრომები“, 1957, ტ.67;
- ზურაბიშვილი თ.-ნა- – -ეე და ნა- აფიქსებით სახელთა წარმოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი. – „ქსკს“, წგ. 1, თბ. 1972;
- სანიკიძე ი. მიმღეობათა პარალელური ფორმების წარმოების ზოგი საკითხისათვის. – „თსუ შრომები“, ტ. I64
- (ენათმეცნიერება), თბ., 1975;
- ჯორბენაძე ბ. ქართული ზმნის ფორმობრივი და ფუნქციური ანალიზის პრინციპები, თბ, 1980;
- არაბული ა. ნამყო დროის საობიექტო მიმღეობის წარმოების ისტორიისათვის ქართულში. – „იკეწ“, XIV. თბ. 1987;
- ქურდაძე რ. ხმოვანმონაცვლე ზმნათა პირველი სერიისა და სახელზმნის წარმოების შესახებ. – „იკე“, XXXIII, თბ, 1994.