მედუდუკესებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მედუდუკესებრნი''' (''ლათ''. Bombycillidae) − ფრინველთა ოჯახი [[ბეღურასნა...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:45, 16 მაისი 2025 მდგომარეობით

მედუდუკესებრნი (ლათ. Bombycillidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. მედუდუკესებონი ბეღურასნაირთა შორის საშუალო სიდიდის, სახეობებით მცირერიცხოვანი, მაგრამ თავისებური ფრინველების ჯგუფია, ჩასკვნილი სხეულით, შედარებით მოკლე, მსხვილი და ძირში ფართო ნისკარტით, რომელსაც წვეროში პატარა კაუჭი აქვს, ხოლო ნისკარტზედას გვერდებზე კაუჭის მახლობლად პატარა, მაგრამ კარგად შესამჩნევი კბილაკებია. პირის ჭრილი ფართოა. მრგვალი ან ოვალური ფორმის ნესტოების ხვრელები ნისკარტზედას ჩაღრმავებებშია განლაგებული და ჯაგრისებური ბუმბულებითაა დაფარული. თავზე წაგრძელებული ბუმბულების საკმაოდ დიდი ქოჩორი აქვთ. ფრთები შედარებით გრძელი და მახვილია, მანძილი მეორე რიგის მომქნევების წვეროდან ფრთის წვერომდე უფრო გრძელია, ვიდრე გალო და შუა თითი ერთად. დაკეცილი ფრთები მაინც ვერ აღწევენ კუდის ბოლომდე. პირველი რიგის მომქნევი 10-ია. მათ შორის პირველი რუდიმენტულია და მტევნის მფარავების ნახევარზე უფრო მოკლეა. ყველაზე გრძელია მე-2 და მე-3 მომქნევები. კუდი შედგება საჭის 12 ბუმბულისაგან და შედარებით მოკლეა. გრძელია კუდის მფარავები, განსაკუთრებით ქვემოთ. ფეხები შედარებით მოკლეა, მაგრამ მსხვილი და მაგარია. გალო დაფარულია ერთმანეთისაგან გამოყოფილი ფარებით.

მედუდუკესებრნი მეხეური ფორმებია. ბინადრობენ ტყეებსა და ბუჩქნარებში. მრავლდებიან მონოგამიურად. იკეთებენ ჯამისებურ ღია ბუდეს ხეებზე. იკვებებიან მწერებით, ნაირგვარი კენკრათი და სხვა მცენარეული საკვებით. გავრცელებული არიან ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ტაიგისა და ტყე-ტუნდრის ზოლში. ოჯახში ერთი გვარი და სულ 3 სახეობაა.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები