მედუდუკე (ფრინველი)
მედუდუკე (ლათ. Bombycilla garrulus Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − მედუდუკე.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − მედუდუკესებრნი (Bombycillidae)
- გვარი − მედუდუკე (Bombycilla)
მედუდუკე დაახლოებით შოშიისოდენა ფრინველია, ფრთა 105-120 მმ-ია, კუდი − 55–65 მმ, ნისკარტი – 9-11 მმ, წონა – 40-75 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. საერთო შეფერილობა მორუხო-მოყავისფროა, თავზე მოღვინისფრო ელფერით, ხოლო წელსა და კუდის ზემო მფარავებზე – სუფთა რუხი. ნესტოების მფარავ ჯაგრისებური ბუმბულებიდან ნისკარტზედას გასწვრივ შავი ზოლები გადის და თვალების უკან აღწევს. ყელზე შავი ლაქაა. იგი მამალს დიდი აქვს, ხოლო დედალს – პატარა არამკაფიო კიდეებით. ნისკარტქვედას ძირში ორივე მხარეს თეთრი ზოლებია. მტევნის მფარავები შავია, თეთრი წვეროებით. პირველი რიგის მომქნევები მურა-შავია, მაგრამ გარეთა მარაოების წვეროებზე ყვითელი ლაქებია, ხოლო შიგნითა მარაოების წვეროებზე – თეთრი. მეორე რიგის შიგნითა მომქნევები ყავისფერია, გარეთა – მურა-რუხი. მათ ბოლოში აქვთ თეთრი ლაქები და ღეპეპების წვეროებზე – ლანცეტისებური ფორმის ღია წითელი ფირფიტები. კუდი ბოლოში შავია, მოლურჯო ანარეკლით, წვეროში ფართო ლიმონისფერ-ყვითელი ზოლით. კუდქვეშა ბუმბულები მკვეთრი ყავისფერია, ნისკარტი და ფეხები – შავი.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი მედუდუკე – B. g. garrulus Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მდებარეობს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ტაიგის, ნაწილობრივ ტყე-ტუნდრის ზონებში. ევრაზიაში ვრცელდება: ჩრდილოეთი სკანდინავიიდან და კოლის ნახევარკუნძულიდან კამჩატკამდე; სამხრეთით ციმბირის მთების ტყეებიდან აღწევს სამხრეთ ალტაიმდე, ხოლო დაბლობებში სამხრეთი საზღვარი მიუყვება 58-ე და მე-60 პარალელებს. ზამთარში იწყებს მომთაბარეობას და სამხრეთით ინაცვლებს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე, მცირე აზიამდე, აღწევს ირანს, ავღანეთს, შუა აზიას. საქართველოში ხშირად მოიპოვება როგორც მოზამთრე ფრინველი.
ბიოტოპი
წიწვიანი ტყეები და არყნარები ტაიგისა და ტყე-ტუნდრის ზონებში, შოთხვის, ასფურცელას, ტირიფის, ასკილის, აგრეთვე ჟოლოს, მოცხარისა და სხვათა ქვეტყით.
გამრავლება
ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებს ხეზე წიწვიანების წვრილი ხმელი ტოტების, მღიერების, ხავსია და სხვა მცენარეული მასალისაგან, რომელიც შიგნიდან ამოფენილია ბუმბულითა და ჩრდილოეთის ირმის ბალნით. მაისის მეორე ნახევარში ან ივნისის დასაწყისში დებს 3-7 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი, მამალი კი კვებავს მას ამ დროს, ხოლო შემდეგ – ბარტყებსაც დედალთან ერთად. საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება.
კვება
ზაფხულში იკვებება ძირითადად პატარა ზომის მწერებით, ნაწილობრივ – კოღოებით. ზამთარში ჭამს ყოველგვარ კენკრას.
მნიშვნელობა
დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს. ხშირად ჰყავთ გალიებში როგორც დეკორატიული ფრინველი.