ჩვეულებრივი მეღორღია
(ახალი გვერდი: '''ჩვეულებრივი მეღორღია''' (ლათ. Oenanthe oernanthe Linnaeus, 1758) − ფრინველი [[ბეღურ...) |
17:01, 21 მაისი 2025-ის ვერსია
ჩვეულებრივი მეღორღია (ლათ. Oenanthe oernanthe Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − შაშვისებრნი (Turdidae)
- გვარი − მეღორღია (Oenanthe)
ჩვეულებრივი მეღორღია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 85-105 მმ-ია, კუდი – 50-60 მმ, ნისკარტი – 11-15 მმ, წონა – 20-35 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი ზაფხულში ზურგის მხარესა და კისრის გვერდებზე რუხია; წელი ზოგჯერ მურაა, ხოლო კუდზედა ბუმბულები თეთრი. შუბლი და ზოლები თვალების ზემოთ (წარბები) მოთეთროა. პირის კუთხეებიდან იწყება შავი ზოლები, გაივლის თვალების ქვემოთ და გადადის ყურების მფარავებზე. შავია ფრთებიც. სხეულის მუცლის მხარე თეთრია, მკრთალი მოჟანგმიწისფრო ელფერით. ფრთების ქვემო მფარავები შავია, მაგრამ აქვთ ფართო თეთრი არშიები. იღლიის ბუმბულები კი თეთრია. საჭის შუა წყვილი შავია, მაგრამ ძირები აქვთ თეთრი, რომელიც დაფარულია კუდზედა თეთრი ბუმბულებით. საჭის დანარჩენი ბუმბულები წვეროს ნაწილში ერთნაირად შავია, ხოლო ძირების მხარეს უფრო დიდი ნაწილი თეთრია. შემოდგომის განგურის შემდეგ ფრთებზე რუხი ფერი, მოჟანგმიწისფრო-მურა ფერით იცვლება. ნისკარტი და ფეხები შავია.
აღწერილია 6-დან 10-მდე ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევრაზიული მეღორღია − O. o. oenanthe Linn., 1758.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს: მთელ ევროპას; აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს და სომალს; აზიის უდიდეს ნაწილს, სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილისა და უკიდურესი ჩრდილოეთი ზოლის გამოკლებით, სამხრეთ გრენლანდიას, აღმოსავლეთ კანადას და ალასკას. ზამთარს ატარებს ჩრდილოეთი ამერიკის ატლანტის სანაპიროებთან, ტროპიკულ აფრიკაში, სამხრეთ არაბეთში და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. საქართველოში მოიპოვება ყველგან როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ჩვეულებრივი მეღორღია ბინადრობს ღია, მშრალ ადგილებში, როგორც ბარში, ისე მთებში, მინდვრებში, მეჩხერ ბუჩქნარებში, გზისპირებში, ხრამებში და თხრილებში, ქვა-ღორღიან და თიხნარ ფერდობებზე.
გამრავლება
ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს აკეთებს მიწაზე მღრღნელების ან მენაპირე მერცხლის სოროებში, კლდეთა ნაპრალებში, გზისპირა ქვებს შორის. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში, ხოლო მეორედ ივნისის შუა ან ბოლო რიცხვებში დებს 4-7 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 14 დღეს აღწევს.
კვება
ჩვეულებრივი მეღორღიას საკვებს შეადგენენ ხმელეთის პატარა ზომის უხერხემლო ცხოველები, მათ შორის მეტწილად მწერები.
მნიშვნელობა
მავნე მწერების მასობრივად განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.