ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა''' (''ლათ''. Phoenicurus phoenicurus Linnaeus, 1758) − ფრინველი [[...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:24, 27 მაისი 2025 მდგომარეობით

ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა (ლათ. Phoenicurus phoenicurus Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 70-85 მმ-ია, კუდი – 50-65 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა – 14-20 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაშიც სქესობრივი დიმორფიზმი მკვეთრადაა გამოხატული.

მამალს ყელი, ჩიჩახვი, თავის გვერდები და ზოლი ნისკარტის ზემოთ შავი აქვს; შუბლი, წარბები და თხემის წინა ნაწილი − თეთრი; თავის დანარჩენი ნაწილი და ზურგი ნაცრისფერ-რუხია; მომქნევები და საჭის ბუმბულების შუა წყვილი მურა ფერისაა, ხოლო საჭის დანარჩენი ბუმბულები, კუდის ზემო მფარავები, მკერდი და მუცელი მკვეთრი ქარცი, ფეხები და ნისკარტი – შავი. დედალს თავი ზემოდან, ზურგი, მომქნევები და საჭის შუა ბუმბულები მურა ფერის აქვს; კუდზედა და საჭის დანარჩენი ბუმბულები – მკვეთრი ქარცი. სხეულის ქვემო მხარე მორუხოა, მოქარცისფრო ელფერით. ფეხები მუქი მურა აქვს, ნისკარტი – შავი. გარდა შეფერილობისა, ჩვეულებრივი ბოლოცეცხლას ერთ-ერთი სისტემატიკური ნიშანია გარეთა მარაოების შევიწროება მე-3, მე-4 და მე-5 პირველი რიგის მომქნევებზე.

აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ირანული ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა – Ph. ph. samamisicus Hablizl, 1783 − ზურგზე უფრო მუქი, ზოგჯერ შავი, ფრთებზე თეთრი ლაქებით. გვხვდება ევროპული ჩვეულებრივი ბოლოცეცხლაც Ph. ph. phoenicurus Linn., 1758.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს მთელ ევროპას, გარდა უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილისა (ტყის ზონის იქეთ), ხმელთაშუა ზღვის კუნძულებისა (კვიპროსზე არის), სამხრეთი იტალიისა და საბერძნეთისა. ევროპიდან არეალი გადადის დასავლეთ ციმბირში – აღმოსავლეთით ბაიკალის ტბამდე, ხოლო ჩრდილოეთისა და სამხრეთის საზღვრები ემთხვევა ტაიგის საზღვრებს. იზოლირებული ხასიათისაა გავრცელება მცირე აზიაში, კავკასიაში, ირანსა და შუა აზიის სამხრეთ რაიონებში. მოიპოვება აგრეთვე ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. ზამთარს ატარებს ცენტრალურ აფრიკაში და სამხრეთ არაბეთში. საქართველოში ირანული ქვესახეობა მობუდარია, ხოლო ევროპული ქვესახეობის ეგზემპლარები გვხვდება მიმოფრენის პერიოდებში.

[რედაქტირება] ბიოტოპი

ბინადრობს უპირატესად ფოთლოვანი, იშვიათად წიწვიანი ტყეების ფარგლებში, სადაც ეტანება გამეჩხერებულ ნაკვეთებს, პატარა მინდვრებითა და ბუჩქნარებით. მოიპოვება ტყისპირებში, მთებში ბრეცილი ტყის ზონაში, საიდანაც ხშირად ადის სუბალპურ მდელოებზეც.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად ხის ფუღუროებში, შეშის ან ქვების გროვებში, სახლების სხვენში, სახურავების ქვეშ, სადაც არის სიღრუე ან მცირე მოცულობის სიცარიელე. წელიწადში მრავლდება ორჯერ. პირველად მაისის პირველ ნახევარში, ხოლო მეორედ ივნისის ბოლოს დებს მეტწილად 6 კვერცხს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 13-14 დღემდე აღწევს.

[რედაქტირება] კვება

ჩვეულებრივი ბოლოცეცხლას საკვებს შეადგენენ ფეხსახსრიანთა წარმომადგენლები – ტკაცუნები და მათი ლარვები, ბზუალები, ცხვირგრძელა ხოჭოები, მხედრები, ხერხიები, კოღოები, ობობები და მრავალი სხვა.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები