გულწითელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გულწითელა''' (ლათ. Erithacus rubecula Linnaeus, 1768) − ფრინველი, ფრინველთა გვარი. ...)
 

მიმდინარე ცვლილება 18:12, 27 მაისი 2025 მდგომარეობით

გულწითელა (ლათ. Erithacus rubecula Linnaeus, 1768) − ფრინველი, ფრინველთა გვარი. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − გულწითელა.

გულწითელა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 65-75 მმ-ია, ნისკარტი – 9-12 მმ, კუდი – 60-70 მმ, წონა − 15-20 გ. სქესთა შორის განსხვავება სიდიდესა და შეფერილობაში თითქმის არაა ან ძალიან უმნიშვნელოა. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხრიდან მორუხო-წენგოსფერია; მომქნევები და საჭის ბუმბულები მუქი მურაა, წენგოსფერი ვიწრო არშიებით. შუბლი, თავისა და კისრის გვერდები, ჩიჩახვი და მკერდი მუქი მოწითალო-ჟღალია, რითაც იგი ადვილი გამოსაცნობია. მკერდის გვერდებზე მოცისფრო-რუხია, ხოლო სხეულის გვერდების სხვა ნაწილები მორუხო-წენგოსფერია. მუცლის შუა ნაწილი თეთრია. დედალს ყელი, ჩიჩახვი და მკერდი შედარებით უფრო მკრთალი აქვს, ნისკარტი და ფეხები მოშავო-მურა.

აღწერილია 10 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება: კავკასიური გულწითელა – E. r caucasicus Buturlin, 1907 (გამოირჩევა ზურგის მხარეს წენგოსფერის სიმცირით, ყელის, ჩიჩახვისა და მკერდის არეში უფრო ინტენსიური მოწითალო-ჟღალი შეფერილობით) და ჩვეულებრივი გულწითელა – E. r. rubecula Linn., 1758.

სარჩევი

[რედაქტირება] გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას. იგი არ არის სკანდინავიის უკიდურეს ჩრდილოეთში, კოლის ნახევარკუნძულზე და არხანგელსკის ჩრდილოეთით, აგრეთვე სამხრეთ უკრაინაში, ვოლგისა და ურალის ქვემო დინების მიდამოებში. ევროპიდან არეალი ვიწრო ზოლად გადადის დასავლეთი ციმბირის ცენტრალურ ნაწილში დაახლოებით ტომსკამდე. იზოლირებული არეალი არის ყირიმში, ხოლო კავკასია, მცირე აზია და ირანი ქმნიან დამოუკიდებელ არეალს. გარდა ამისა, ბუდობს ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში, აზორისა და კანარის კუნძულებზე. არეალის ჩრდილოეთი განედებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთში – მობინადრე. ზამთრობს დასავლეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, მცირე აზიაში, კავკასიასა და ირანში. საქართველოში კავკასიური გულწითელა მობინადრეა, ხოლო ევროპული გვხვდება მიმოფრენის დროს და ზამთარში.

[რედაქტირება] ბიოტოპი

უღრანი, ხშირი და ტენიანი ტყეები, უხვი ქვეტყით, როგორც ჭალებში, ისე მთის ფერდობებზე. ზამთარში ზოგჯერ მოიპოვება ბაღებში, პარკებში და სამოსახლოების მიდამოებშიც.

[რედაქტირება] გამრავლება

ბუდეს იკეთებს ხეების ნაპრალებში, ბუჩქებზე, ჯირკებზე, მიწასთან ახლოს, ზოგჯერ ხისა და ბუჩქების ძირში მიწაზეც, ხმელი ფოთლების, ბალახების, ხავსისა და სხვა მასალისაგან. წელიწადში ორჯერ მრავლდება. პირველად აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში, მეორედ კი ივნისის პირველ ნახევარში დებს 5-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14 დღემდე გრძელდება.

[რედაქტირება] კვება

გულწითელა იკვებება პატარა ზომის ყოველგვარი უხერხემლოებით, რომელთაც ის პოულობს ტყის ტენიან მიწაზე ან მიწის სიახლოვეს. ესენია ობობები, უნიჟარო მოლუსკები, წვრილი ჭიები, პატარა ხოჭოები დ სხვა. შემოდგომითა და ზამთარში ჭამს მრავალგვარ კენკრასაც.

[რედაქტირება] მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს სატყეო მეურნეობისათვის. ლამაზი გარეგნობისა და სასიამოვნო გალობის გამო ესთეტიკური მნიშვნელობაც აქვს.

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები