სოფელ სვერის ციხე
(ახალი გვერდი: საერთო ხედი '''სოფელ სვერის ციხე''' - გვიანი შუა ...) |
მიმდინარე ცვლილება 11:02, 10 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
სოფელ სვერის ციხე - გვიანი შუა საუკუნეები - ციხე დგას მდ.ლიახვის მარცხენა ნაპირას, მთაზე. ვახუშტის მიხედვით: "ამილახორმან წამოიყვანა მაჰმად-ყული-ხანითურთ ოსმალთა სპანი და დაესხა მაჩაბელს გეგუთს, შემუსრეს ციხე სვერისა, რომელი აღაშენა თეიმურაზ მაჩაბელმან." ძეგლი ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. ციხე გეგმით წაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენს. ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ კუთხეებში გეგმით კვადრატული კოშკებია, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მცირე ზომის ცილინდრული კოშკი. გარდა ამისა, აღმოსავლეთ კედლის ცენტრს მიდგმული აქვს ნახევარცილინდრული კოშკი. მოცულობით ყველაზე დიდია სამხრეთ-დასავლეთი კოშკი, რომლის პირველი სართული ყრუა; შესასვლელი მოწყობილია მეორე სართულზე, ეზოდან. დასავლეთი კედლის ცენტრში ბუხრის ფრაგმენტებია. მესამე სართულის კედლებში სათოფურებია გაჭრილი. ჩრდილო-დასავლეთ კოშკშიც შესასვლელი მეორე სართულიდანაა. პირველი სართული განათებულია სამხრეთ კედელში გაჭრილი მცირე ზომის სარკმლით. ჩრდილოეთ კედელში ორი სათოფურია, ხოლო აღმოსავლეთ კედელში ბუხარია. აღმოსავლეთის ნახევარცილინდრულ კოშკში გაჭრილია სათოფურები. ციხის კედლები ორიარუსიანია. 3-4 მეტრის სიმაღლეზე კედლების გასწვრივ მოწყობილი იყო საბრძოლო ბილიკი. ჩრდილოეთ კედელში, კვადრატული კოშკის გასწვრივ კერამიკული მილის ფრაგმენტებია. დასავლეთი კედლის ჩრდილოეთი ნაწილი მთლიანად ჩამონგრეულია. ციხესთან მისასვლელი სამხრეთიდანაა. ღერძი ვითარდება სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა