სოფელ ხეითის ძელიცხოვლის ეკლესია
(ახალი გვერდი: პორტალის ფრაგმენტი '''სოფელ ხეითის ძელიცხოვ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:04, 24 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
სოფელ ხეითის ძელიცხოვლის ეკლესია - ძეგლი მდებარეობს ზუბაანთ უბანში. ეკლესია დგას მაღალ მთაზე. ნაგებია მოწითალო ფერის კარგად თლილი ქვის კვადრებით. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში გაჭრილია მაღალი, თაღოვანი სარკმელი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თაღოვანი ნიშებია მოთავსებული. სარკმლის ძირში მასიური ტრაპეზის ქვაა. ნახევარსფერულ კონქში მაცხოვრის ფრესკაა. აბსიდი მოხატულია წმ.ნიკოლოზის, წმ.გრიგოლის, წმ.იოანეს და წმ.ვლადიმერის ფრესკული პორტრეტებით. პორტრეტები კედლის მთელ სიგრძეზეა განთავსებული. სატრიუმფო თაღი აბსიდის მხრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ ხის კანკელი და ორსაფეხურიანი სოლეაა. გრძივ კედლებს წყვილი პილასტრი თანაბარ ნაწილებად ჰყოფს. ნახევარცილინდრული კამარის საბრჯენი თაღები პილასტრების კაპიტელებს ეყრდნობა. კამარა და კედლები მოხატულია. ოთხივე კედელს დაბალი კარნიზი მიუყვება. იატაკი მოგებულია ქვის დიდი ზომის კვადრებით. ინტერიერი ნათდება დასავლეთის, სამხრეთის და აღმოსავლეთის მაღალი თაღოვანი სარკმლებით, აქედან დასავლეთისა ორჭრილიანია. სამხრეთი შესასვლელი თაღოვანია, რომელსაც ტიმპანის ქვა აქვს. შესასვლელი მორთულია მოჩუქურთმებული პორტალით. ტიმპანის ქვაზე ორი როზეტია, რომელთა შუა ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. სამხრეთიდან ეკლესიას ორსართულიანი სამრეკლო აქვს. სამრეკლო ღია თაღებით არის გახსნილი. პირველი სართულის თაღები ნახევარწრიულია, მეორესი - შეისრული. თაღები ეყრდნობა ოთხკუთხა სვეტების მოჩუქურთმებულ კაპიტელებს. აღმოსავლეთ სარკმლის ფართო ოლეს ორმაგი ლილვი აჩარჩოებს. ჩრდილოეთი ფასადი სადაა. დასავლეთის ფრონტონში ჯვრის გამოსახულებაა. შეწყვილებულ სარკმელს ორმაგი ლილვი აჩარჩოებს. ლილვის ორივე ქვედა ნაწილი კვადრატებით სრულდება, შუა ნაწილი კი ნახევარი წრით არის აქცენტირებული. ფასადის ცენტრის ოდნავ ქვევით, მედალიონია ექვსქიმიანი ვარსკვლავის გამოსახულებით. აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით ერთსაფეხურიანი ცოკოლია, ხოლო დასავლეთით ორსაფეხურიანი. კარნიზი თარო-ლავგარდანია. საბურავად გამოყენებულია კრამიტი. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. დაზიანებულია ეკლესიის საბურავი, სამრეკლოს სვეტები, პორტალი.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა