სოფელ ზემო ძაღინის ციხის კომპლექსი
(ახალი გვერდი: სასახლის ინტერიერი '''სოფელ ზემო ძაღინ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:34, 24 დეკემბერი 2025 მდგომარეობით
სოფელ ზემო ძაღინის ციხის კომპლექსი - სასახლე კოშკი XVII ს. მაცხოვრის ეკლესია - განვითარებული შუასაუკუნეები - ვახუშტის მიხედვით: "ძაღინას არს ციხე და სასახლე". იოანე ბატონიშვილის აღნიშვნით, ამ ეპოქაში ძაღინაში ფალავანდიანები (ფალავანდიშვილები) ცხოვრობდნენ. სოფელი ძაღინა მდებარეობს მდინარეების ფრონესა და ოჟორას შესართავში, ზნაურ-ცხინვალის სამანქანო გზიდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით. კომპლექსი შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. სასახლე და კოშკი ერთი სამშენებლო პერიოდისაა, ეკლესია კი განვითარებულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება. სასახლე ნაგებია აგურით, ხოლო კოშკის საშენ მასალად გამოყენებულია ადგილობრივი ნატეხი ქვა. კოშკის თაღები და კამარები აგურისაა. სასახლე ერთსართულიანი იყო. ოთახების განთავსება ანფილადურია ნაგებობის ძირითად ბირთვს დიდი დარბაზი და მის წინ მდებარე მოზრდილი ლოჯია წარმოადგენდა. გაგრძელებაზე, ორივე მხარეს, კიდევ ორ-ორი კვადრატული ოთახია. ლოჯია დარბაზს მაღალი თაღოვანი შესასვლელით უკავშირდება. დარბაზს პილასტრებით დანაწევრებული კედლები აქვს. დასავლეთ კედელში ბუხარია მოწყობილი. ბუხრის ორივე მხარეს სარკმლები და თითო ნიშია. ანალოგიურადაა გადაწყვეტილი ბოლოებში მდებარე ოთხივე ოთახი დარბაზი ოთახებს ღია თაღედით უკავშირდება. ოთახები განათებულია მაღალი, შეისრულთაღიანი სარკმლებით. დასავლეთი კედელი მთელ სიგრძეზე დანაწევრებულია ნიშებით. ოთახები გადახურული იყო კედლებიდან გადაყვანილი საბრჯენი თაღებით შეკრული კამარით. ამჟამად შემორჩენილია მათი საწყისი წყობა. სასახლის ფასადების გაფორმების ძირითად ელემენტად გამოყენებულია ორიარუსიანი კარ-სარკმელი, ხოლო ცენტრში მდებარე ლოჯია ხის სვეტებითა და მოაჯირით იყო გამოყოფილი. სასახლესთან დაკავშირებული ხუთსართულიანი კოშკი კვადრატული ფორმისაა. სართულებს ერთმანეთთან აკავშირებს კედლის შიგნით მიმავალი ქვის კიბე. კოშკის პირველ და მეორე სართულს კოჭოვანი გადახურვა ჰქონია, ხოლო დანარჩენს - კამაროვან-გუმბათ-კოშკის პირველი სართული ქვევრებიან მარანს წარმოადგენს. იქვე კედელში მოწყობილია მილი, რომლითაც გარედან ღვინო შემოჰქონდათ. მეორე სართული აგურის გუმბათით გადახურულ კვადრატულ სადგომს წარმოადგენს. ჩრდილოეთ კედელში ბუხარია მოწყობილი. ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში წვრილსათოფურიანი ორ-ორი,ჰორიზონტალურად გაჭრილი ხვრელია. ერთადერთი სარკმელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. იგი იმდენად პატარაა, რომ ოთახში თითქმის სიბნელეა. მესამე სართულის ოთახი გაცილებით მეტი დეკორატიულობით. გამოირჩევა. მას ამშვენებს ვარსკვლავისებრი კამარა, რომელიც ოთხ ტრომპსა და კედელზე დაკიდებულ ოთხ თაღს ეყრდნობა. ამ სართულსაც საკუთარი ბუხარი აქვს სათოფურები აქაც სამი მხრიდან არის მოწყობილი. აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. მესამე სართულის აღმოსავლეთ კედელში ორი კარია. ერთი - შესასვლელი, ხოლო მეორე - ზედა სართულზე ასასვლელი. ამ სართულის კიბის უჯრედში, შესასვლელ კართან, მცირე სადგომია, რომელსაც იატაკში საკანალიზაციო მილი აქვს დაყოლებული. მეოთხე სართული დაბალია. იგი ხით ყოფილა გადახურული. ბუხარი ამ სართულის დასავლეთ კედელშია მოწყობილი. მას ყოველი კედლის შუაში ხვრელები აქვს დაყოლებული ხვრელები იატაკიდან იწყება. მეოთხე სართული მთავარი საბრძოლო სართული უნდა ყოფილიყო. ბოლო - მეხუთე სართული, ყველაზე ეფექტურია. იგი მთელ სიმაღლეზე, სამი მხრიდან გახსნილია დიდი თაღებით, ხოლო მეოთხე, ყრუ კედელში ბუხარია მოწყობილი. ეს სართული გადახურულია აგურის გუმბათით, რომელიც ტრომპებს ეყრდნობა. ნაწილობრივ შემორჩენილია გუმბათის წყობა. კომპლექსის დარბაზული ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით. კუთხეებში და ღიობებში გამოყენებულია ნაცრისფერი თლილი ქვა. ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აბსიდით, რომლის ცენტრში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშია. აბსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია შვერილებით. კამარა და კონქი ჩამოქცეულია. კედლების დაზიანების გამო მხოლოდ დასავლეთი სარკმლის მცირე ნაწილი შეინიშნება. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან ჰქონდა დასავლეთის თაღოვანია, სამხრეთისა კი დაზიანებული. მისი ფორმა არ იკითხება. ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის კვალი.
[რედაქტირება] წყარო
შიდა ქართლი:პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა