სამხრეთი ევროპა
(ახალი გვერდი: '''სამხრეთი ევროპა''' – ევროპის ნახევარკუნძულოვანი რ...) |
17:09, 30 აპრილი 2026-ის ვერსია
სამხრეთი ევროპა – ევროპის ნახევარკუნძულოვანი რეგიონი, რომელიც თითქმის მთლიანად სუბტროპიკულ სარტყელში მდებარეობს და ამიტომ სუბტროპიკულ ევროპასაც უწოდებენ.
სამხრეთ ევროპის ბუნებრივი ლანდშაფტების ხასიათს და თავისებურებას განსაზღვრავს მისი ნახევარკუნძულოვანი განვითარება სუბტროპიკულ სარტყელში და მსოფლიო ოკეანის ერთ-ერთ ყველაზე თბილწყლიან და ვრცელ ხმელთაშუა ზღვის აუზში, ატლანტის ოკეანის მიჯნაზე, და მთაგორიანი რელიეფი. თანამედროვე ლანდშაფტები კი წარმოქმნილია ველური ბუნების ხანგრძლივი ანთროპოგენური ტრანსფორმაციის შედეგად. ხმელთაშუა ზღვის აუზი ხომ მსოფლიო ცივილიზაციის უძველესი და უმთავრესი კერაა.
სამხრეთ ევროპის ბუნების საერთო და ყველაზე სპეციფიკურ ნიშანს წარმოადგენს სუბტროპიკულ-ხმელთაშუაზღვიური ჰავა და ხმელთაშუაზღვიური ლანდშაფტების ყველაზე ფართოდ გავრცელება, რაც დაკავშირებულია მსოფლიო ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალუ- რი ხმელთაშუა ზღვის არსებობასთან, რომლსაც წყლის სარკის ფართობით, მოცულობითა და სიღრმით მეხუთე ადგილი უკავია. კუნძულები, ნახევარკუნძულები და ფსკერის წყალქვეშა ამაღლებები ზღვას ყოფენ რამდენიმე აუზად: ხმელთაშუა ზღვის დასალეთი ნაწილი გამოყოფილია კორსიკის და სარდინიის კურძულებით. მათგან აღმოსავლეთით ამ კუნძულებს, აპენინის ნახევარკუნძულსა და სიცილიას შორის მდებარეობს ტირენის ზღვის ქვაბული. აპენინის და ბალკანეთის ნახევარკუნძულებს შორის მოქცეულია წყალმარჩხი ადრიატიკის ზღვა. მისგან სამხრეთით მდებარეობს იონის ზღვის ღრმული, სადაც ხმელთაშუა ზღვა აღწევს მაქსიმალურ სიღრმეს (5121). ბალკანეთის და მცირე აზიის ნახევარკუნძულებს შორის მდებარეობს ეგეოსის ზღვა მრავალრიცხოვანი წვრილი კუნძულით. ისინი წარმოადგენენ ძველი ხმელეთის ნაწილებს, რომლის დაძირვის შედეგად გაწყდა სახმელეთო კავშირი ბალკანეთსა და მცირე აზიას შორის და წარმოიშვა ეგეოსის და მარმარილოს ზღვები, ხმელთაშუა და შავი ზღვების დამაკავშირებელი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები. 300 მ სიღრმის ვიწრო გიბრალტარის სრუტით ხმელთაშუა ზღვა უკავშირდება ატლანტის ოკეანეს. ხმელთაშუა ზღვას ახასიათებს წყლის უარყოფითი ბალანსი, ვინაიდან აორთქლება აღემატება წყლის შემოსავალს ატმოსფერული ნალექებისა და ჩამონადენის სახით, რის გამოც მისი დონე ატლანტის ოკეანის და შავი ზღვის დონეთა მიმართ უფრო დაბლაა, მარილიანობა ნორმალურზე მაღალია და აღწევს 39%. დონეთა განსხვავებამ და უარყოფითმა ბალანსმა წარმოშვა კომპენსაციურ დინებათა სისტემა: ზედაპირული წყლის ატლანტის ოკეანიდან და შავი ზლვიდან ხმელთაშუა ზღვაში, ხოლო გარკვეულ სიღრმეზე საპირისპირო მიმართულებით გაედინება უფრო მძიმე და მლაშე წყალი. ხმელთაშუა ზლვა მსოფლიო ოკეანის ერთ-ერთი ყველაზე თბილწყლიანი აუზია, ზაფხულში ზედაპირული წყლის ტემპერატურა სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში პლუს 20-30°) აღწევს. ფსკერისპირა ფენაში ტემპერატურა მთელი წელი დაახლოებით პლუს 13° შეადგენს. ზამთარში ზედაპირული წყლის ტემპერატურა სამხრეთში დაახლოებით პლუს 17-18°-ია, ხოლო ადრიატიკის ჩრდილოეთში იგი ეცემა პლუს 6-7°-მდე.
ხმელთაშუა ზღვის თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულია, რაც გამოწვეულია გაბინძურებული ჩამონადენის დიდი მოცულობით, ძლიერი სანაოსნო დატვირთვით, განსაკუთრებით ნავთობმზიდი ტანკერებით და ოკეანისაგან მისი იზოლირებით.
ხმელთაშუაზღვიური ევროპის ბუნების საერთო ნიშნების (კუთვნილება ალპური ოროგენული სარტყლისადმი და მასთან დაკავშირებული აქტიური ტექტონიკური ბუნება და მთაგორიანი რელიეფი, ხმელთაშუაზღვიური ჰავისა და ლანდშაფტების დომინირება და სხვა) ფონზე ნათლად გამოიხატება განსხვავებულობა მის დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის, რომლის საფუძველზეც გამოიყოფა სამი ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეყანა: პირენეს ნახევარ- კუნძული, აპენინის ნახევარკუნძული მიმდინარე კუნძულებით და ბალკანეთის ნახევარკუნძული.